დავით ჟღენტი: თბილისის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამის ბიუჯეტი 7 მლნ ლარამდე მცირდება

588

წინა სტატია

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრის დავით ჟღენტის თქმით, თბილისის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამის ბიუჯეტი კიდევ 7 მილიონ ლარამდე შემცირდება. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ბიუჯეტში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მერიის ადმინისტრაციული ხარჯები იზრდება 1 მილიონ ლარზე მეტით, „საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების“ მუხლს ახალი ცვლილებით კიდევ დაემატება 500 ათასი ლარი, მერიის საზოგადოებასთან კომუნიკაციის განვითარების სააგენტოს კულტურული ღონისძიებებისთვის ემატება 1 მლნ ლარი, ამასთან მცირდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების დაფინანსების მუხლი 7 მლნ ლარამდე.

ჟღენტის განცხადებით, ბოლო 2 თვეში აღნიშნული მუხლი 10 მლნ ლარამდეა შემცირებული.

„საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების პროგრამაში შევა ცვლილება და 7 მლნ ლარი გამოთავისუფლდება აღნიშნული მუხლიდან, ვინაიდან ეს არის აუთვისებელი თანხები. ჩვენ არაერთხელ ვსაუბრობდით, რომ ამ პროგრამით გათვალისწინებული თანხების დასახარჯად არსებული წესი იყო მიუღებელი, რადგან თბილისელებს არ ექნებოდათ საშუალება ამ პროგრამაში მიეღოთ მონაწილეობა. ეს პროგრამა ითვალისწინებს სახურავების გადახურვას, შიდა კომუნიკაციების შეცვლას, ჟოლობების, ლისტების აღდგენა-რეაბილიტაციას, სადარბაზოების კეთილმოწყობას და სხვ. ჩვენი გადაწყვეტილებები და მოსაზრებები მერიამ თავის დროზე არ მიიღო და დღეს ხედავთ, რომ თანხებს ვერ ითვისებენ. თბილისელები კი მნიშვნელოვანი სერვისების გარეშე რჩებიან“, – განაცხადა ჟღენტმა.

მისივე თქმით, ამ მიზნით გამოცხადებული ტენდერები ფაქტობრივად ჩაიშალა.

დღეს თბილისის საკრებულო დედაქალაქის ბიუჯეტში ცვლილებებს განიხილავს, რომლითაც 10 მილიონით გაზრდა იგეგმება.