დეპუტატი: ის, ვინც ამუშავებს მიწას, სახელმწიფომ უნდა წაახალისოს

814

პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გელა სამხარაული მიიჩნევს, რომ პირები, რომლებიც მიწას ამუშავებენ, სახელმწიფომ უნდა წაახალისოს. ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.

გელა სამხარაულის თქმით, მისი პირადი აზრია, რომ გაფართოვდეს სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებობს და წაახალისოს მსგავსი ფერმერები.

„ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევა არის განათლება, ცოდნა და გამოცდილება, ამ მიმართულებით არის დიდი ნაბიჯები გადასადგმელი. ცოდნა თუ გვაქვს, შემდეგ მარტივია ყველაფერი, რესურსიც გამოჩნდება, ფულიც და ა.შ.

ვინც ფლობს ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას, მან უნდა გადაიხადოს ქონების გადასახადი და ეს ასეც არის დღევანდელი კანონმდებლობით. რაც შეეხება ადამიანს, რომელიც ამუშავებს მიწას, მას, შეიძლება, გარკვეული წახალისება ჰქონდეს სახელმწიფოსგან. მე ასე ვუყურებ ამ საკითხს“,- აცხადებს დეპუტატი.

კითხვაზე, რა შეიძლება იყოს გამოყენებული წახალისებად, გელა სამხარაული აცხადებს, რომ, შესაძლოა, გამრავალფეროვნდეს ისეთი პროგრამები, რომელბიც გულისხმობს ნერგების ღირებულების დაფინანსებას, შეღავათიანი აგროკრედიტის გაცემას, სხვა ტექნიკურ დახმარებას და ა.შ.