ირაკლი ქადაგიშვილი: კვირიკაშვილის კადრებთან დაკავშირებულ მსჯელობას საფუძველი არ გააჩნია

760

წინა სტატია

კახეთის გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კადრები გიორგი კვირიკაშვილთან კავშირის გამო გაათავისუფლეს. ინფორმაციას “კახეთის ხმა” ავრცელებს.

“გუბერნატორების ნაწილი უფრო ადრეული დროიდან დაინიშნა, ზოგი მოგვიანებით, ამიტომ გიორგი კვირიკაშვილის კადრებთან დაკავშირებულ მსჯელობას საფუძველი არ გააჩნია”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ. ქადაგიშვილის ინფორმაციით, ეს იყო გარკვეულწილად გამოსამშვიდობებელი შეხვედრა.

„ვმუშაობდით წლების განმავლობაში და ასევე დაგეგმილი იყო სოზარ სუბართანაც შეხვედრა, თუ რა გადანაწილება იქნება ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს, გუბერნიის ადმინისტრაციისა და ახლად შექმნილი სამსახურის მხრივ. როგორც მოგეხსენებათ, სოზარ სუბარს ჭუბერში მოუწია წასვლა იქ შექმნილი ვითარების გამო. რაც შეეხება შეკითხვის მეორე ნაწილს, გამომდინარე იქიდან, რომ მთავრობის პოლიტიკა რეგიონებთან და მუნიციპალიტეტებთან მიმართებაში მზარდია, ამ კუთხით, ერთ-ერთი წამყვანი როლი სამინისტროს რჩება. იმისთვის, რომ უშუალოდ პრემიერთან პოლიტიკური კუთხით ურთიერთობა და თანამშრომლობა გაიზარდოს გუბერნატორებსა და რეგიონს შორის, ამ კომპონენტის დამატება გახდა საჭირო. ჯერ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა არ გვქონია და არ მიგვიღია მოქმედების შემდგომ ნაბიჯებზე ინფორმაცია“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორებს შეხვდა. შეხვედრას ცხრავე რეგიონის გუბერნატორი ესწრებოდა, მათ შორის ისინიც, რომლებმაც თანამდებობა დატოვეს.

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 5 გუბერნატორი თანამდებობიდან გაათავისუფლა. პოსტები დატოვეს მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ლევან ზაუტაშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, შიდა ქართლის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ, ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ და სამცხე ჯავახეთის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ.

თანამდებობაზე რჩება 4 რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული, მათ შორის, კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი.