თელავის მერიამ დამატებით 3 ვაკანსიაზე კონკურსი გამოაცხადა

896

თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ დამატებით 3 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა. ინფორმაციას “კახეთის ხმა” ავრცელებს.

მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ნინო აფციაურის თქმით,  ვაკანტურია მოქალაქეთა მომსახურების, საქმისწარმოების, საზოგადოებასთან ურთიერთობის და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი სპეციალისტის, ტურიზმის განვითარებისა და სივრცითი მოწყობის, მშენებლობისა და არქიტექტურის განყოფილებების უფროსების პოზიციები. ნინო აფციაურის ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის მსურველებს უნდა ჰქონდეთ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

“აღნიშნულ პოზიციებზე მერიის თანამშრომლების შესარჩევად ჩატარდება ღია კონკურსი, რომელიც მოიცავს განაცხადების გადარჩევასა და გასაუბრებას. ტურიზმის განვითარების განყოფილების უფროსს მოეთხოვებათ მინიმუმ ორ წლიანი სამუშაო გამოცდილება საზოგადოებასთან ურთიერთობის, შიდა და საერთაშირისო ტურიზმის სფეროში ან/და პროექტების წერის მიმართულებით, სივრცითი მოწყობის, მშენებლობისა და არქიტექტურის განყოფილების უფროსს უნდა ჰქონდეს მინიმუმ ორ წლიანი სამუშაო გამოცდილება სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურის სფეროში ან/და პროექტების მართვის კუთხით. მოქალაქეთა მომსახურების, საქმისწარმოების, საზოგადოებასთან ურთიერთობის და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი სპეციალისტს კი მოეთხოვება მინიმუმ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება საზოგადოებასთან ურთიერთობის ან/და საქმისწარმოების მიმართულებით. განყოფილების უფროსის ყოველთვიური ანაზღაურება 1200 ლარია, ხოლო უფროსი სპეციალისტის თანამდებობრივი სარგო 800 ლარს შეადგენს”, – თქვა ნინო აფციაურმა.

კონკურსში მონაწილების მსურველებს ვაკანტურ ადგილებზე განაცხადის წარდგენა საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ გვერდზე (hr.gov.ge) 3 აგვისტომდე შეეძლებათ.