სერგეენკომ განმარტა, სასწრაფო დახმარების რომელ თანამშრომლებს გაეზრდებათ ხელფასები (ვიდეო)

898

წინა სტატია

პრემიერმინისტრის, მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, რეგიონებში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების პერსონალს ხელფასები გაეზრდება. მატება 30%-ს მიაღწევს. ეს გადაწყვეტილება ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე, ტრადიციულ ბრიფინგზე დაადასტურა. ამ თემაზე ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომაც. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

„ასეთი მნიშვნელოვანი სამსახურისთვის ხელფასების მატება მართლაც დიდი ნაბიჯია. ეს შეეხება იმ თანამშრომლებს, ვინც გაივლის გარკვეულ სერტიფიცირებას.

ეს არაა ისეთი მასშტაბის ცვლილება, რომელსაც პარლამენტის თანხმობა უნდა. საკანონმდებლო ორგანოს თანხმობა მაშინაა საჭირო, როცა ჯამური ბიუჯეტის 5%-ზე მეტად ზრდის შემთხვევაში.

2014 წლიდან, რაც სახელმწიფო მართვაში გადმოვიდა ეს სამსახური, ჯამში, 127%-ით გაიზარდა იქ მომუშავე ადამიანების ხელფასი. იქამდე ამ პერსონალს არანაირი პირობები არ ჰქონდა; გააჩნდათ სრულად ამორტიზირებული ავტოპარკი, შეკედლებულები იყვნენ რაღაც შენობებში და მიუღებლად დაბალი ხელფასები ჰქონდათ. ეტაპობრივად, ეს რეალობა იცვლება და სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება რეგიონებში ამ მიმართულებით მუშაობით“ – თქვა დავით სერგეენკომ.