თემურ აბაზოვი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

712

წინა სტატია

რუსთავის საქალაქო სასამართლოში მარნეულის მერის თემურ აბაზოვის სასამართლო პროცესი დამთავრდა, მოსამართლის გადაწყვეტილებით თემურ აბაზოვი წინასწარ პატიმრობაში დარჩება.

ადვოკატები 40 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვდნენ.

თემურ აბაზოვმა სასამართლოში სიტყვის უფლებით ისარგებლა. მან რამდენიმე კითხვით პროკურორსაც მიმართა, აბაზოვის თქმით, პროკურატურას მის წინააღმდეგ არაფერი აქვს და გარკვეულ პროცედურებს დროის გაყვანის მიზნით წელავს.

“ბევრი შეცდომა დაუშვა პროკურატურამ. იყო შიშის ფაქტორი, რადგან დაემთხვა სარალიძის გამოსვლებს. მაშინდელ ქვეყნის პირველ პირებს დაუკავშირდნენ. მათ იცოდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილთან ვმეგობრობდი და მაშინდელმა პირველმა პირებმა უთხრეს მიდით ბოლომდე მიაწექითო. აბა ასე ამხელა თანამდებობის პირის დაჭერა არ ხდება. მე არ ვარ დამნაშავე. საერთოდ არ ვყოფილვარ იქ მე. ვიდეოში ჩემი ხმა არაა”, – თქვა აბაზოვმა პროცესზე.

სასამართლოს პარალელურად, რუსთავის საქალაქო სასამართლოსთან აბაზოვის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობდა.

შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ასახული დანაშაულის გამო, რომელიც მარნეულის მკვიდრის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტს უკავშირდება, პროკურატურამ მარნეულის მერი თემურ აბაზოვი 13 ივნისს დააკავა.