არჩილ თოდუა: გუბერნატორების შეცვლა სისტემურ პრობლემებს ვერ მოაგვარებს

884

წინა სტატია

“რეალურად გუბერნატორების ინსტიტუტი ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში იყო და რჩება ერთგვარ მაკონტროლებელ მექანიზმად, არაფორმალურ ზედამხედველად ცენტრალური ხელისუფლების ხელში, რომლითაც ის მუნიციპალიტეტებს აკონტროლებს“, – აღნიშნა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა არჩილ თოდუამ პრემიერ-მინისტრის განცხადების საპასუხოდ. საქმე ეხება რამდენიმე რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის გათავისუფლებას იმ მიზეზით, რომ რეგიონული მმართველობის პოლიტიკა არაეფექტურია და ის ახალ მიდგომებს საჭიროებს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

არჩილ თოდუას თქმით, მხოლოდ გუბერნატორების შეცვლა სისტემურ პრობლემას ვერ მოაგვარებს. ამისთვის კი საჭიროა ხელისუფლებამ რეალურად უზრუნველყოს ფინანსურთან ერთად ძალაუფლების რეალური დეცენტრალიზაცია, რადგან ადგილზე მუნიციპალიტეტებმა უკეთ იციან პრობლემები და ისიც, თუ როგორ შეიძლება მათი გადაჭრა.

„კანონმდებლობით თითქოს ასეა, მაგრამ რეგიონებში გუბერნატორები პირადპირი წესით არჩეულ მერებს მართავენ. ესეც უკვე პრობლემაა, რადგან მერიის ლეგიტიმაციის დონე გაცილებით მაღალია, გუბერნატორი კი დანიშნული თანამდებობის პირია“, – განაცხადა არჩილ თოდუამ.

მისი თქმით, თუკი ხელისუფლების მიზანი არის ის, რომ იყოს მეტი დეცენტრალიზაცია, რეალურად საკმარისი ფინანსური რესურსები უნდა ჰქონდერთ თვითმმართველობებს, ამ ფინანსური რესურსების გამოსაყენებლად კი ისინი დამოუკიდებლები უნდა იყვნენ საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებში.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ხუთი გუბერნატორი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა. მიზეზად მან რეგიონული მმართველობის ახალი მიდგომების შემუშავება და არსებული პოლიტიკის არაეფექტურობა დაასახელა, რომელიც პრემიერის თქმით, გამოწვევებს ვერ პასუხობს.