დაბა შორაპანში საგზაო ინფრასტრუქტურისა და წყლის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

778

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, დაბა შორაპანში, ფარნავაზისა და ვაჩნაძის ქუჩის აღდგენა მიმდინარეობს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

„გრუნტის საფარიან გზას, რომელიც მწყობრიდან იყო გამოსული, 530 გრძივ მეტრზე ბეტონის საფარიანი გზა ჩაანაცვლებს. ამავე ქუჩებზე ხდება წყლის მილების შეცვლა. სამუშაოები სექტემბერში დასრულდება“. – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, პარალელურად იწყება 16 ახალი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ქალაქის ქუჩების ასფალტის საფარით, ხოლო სოფლის გზების ბეტონის საფარით აღდგენას. ამავე პროექტით გათვალისწინებულია კვალითის დასახლების რამდენიმე საცხოვრებელი ეზოს კეთილმოწყობა და სოფელ არგვეთის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია. ჯამში 8 კილომეტრზე დაიგება ახალი გზა და 2800 კვადრატულ მეტრზე ეზოები განახლდება.

„ტენდერები უკვე გამოცხადებულია და სულ მალე 16 ახალი პროექტის განხორციელება დაიწყება მუნიციპალიტეტში. იგი არა მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურის განახლებას მოიცავს, არამედ საცხოვრებელი ეზოებისა და საბავშვო ბაღების რეაბილიტაციას და მას რეგიონალური განვითარების ფონდი აფინანსებს“, – აღნიშნა მერის პირველმა მოადგილემ, დავით ჩირგაძემ.