ENPARD-ის წევრებმა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროექტებზე იმსჯელეს

836

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მუდმივმოქმედი კომიტეტის რიგით მე-17 შეხვედრა გამართა. შეხვედრის მონაწილეებმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროექტებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა და აქტიური დისკუსია შედგა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროექტების ფინანსებზე ხელმისაწვდომობის საკითხებზე.

ღონისძიება სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ გახსნა. მან ENPARD-ის ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებები მიმოიხილა და მონაწილეებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიების ფარგლებში უკვე არსებული მიღწევების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ევროკავშირის დელეგაციის პროგრამის მენეჯერებმა, ალვარო აპარიციო ორტეგამ და კრისტინა კასელამ თავიანთ გამოსვლებში ENPARD-ის II და III ფაზების მიმდინარეობის შესახებ ისაუბრეს.

“განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროექტების ფინანსურ მექანიზმებზე ხელმისაწვდომობას. პრეზენტაციები წარმოადგინეს შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), მერსი ქორფსის (Mercy Corps), საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაციის (ABCO), სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს (APMA) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლებმა. აქცენტი გაკეთდა ერთი მხრივ, მეცხოველეობის სექტორში ფინანსურ წახალისებაზე, მეორე მხრივ კი, თხილის სასაწყობო მეურნეობების გამართვაზე, გარანტირებულ ფონდებსა და შეღავათიან აგრო-საკრედიტო პროგრამებზე, რომლებსაც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს. საუბარი შეეხო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბანკების მიერ სასოფლო-სამეურნეო და სოფლის განვითარების პროექტების დაფინანსებას.

შეხვედრის მონაწილეების განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია ხელშეკრულებით დარეგულირებულმა სასოფლო-სამეურნეო წარმოებამ. იგი განხილული იყო როგორც ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი, რომელმაც შესაძლოა გადამწყვეტი როლი ითამაშოს მომავალში, ფერმის, მწარმოებლებისა და ბაზრის მოთამაშეების ერთმანეთთან დაკავშირების პროცესში. ასევე, კონტრაქტზე დაფუძნებულმა სოფლის მეურნეობამ შესაძლოა მნიშვნელოვნად შეამციროს საკრედიტო მომსახურების რისკები ფერმერებისთვის.

ღონისძიების ბოლოს  ENPARD-ის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა: – FAO, UNDP, Mercy Corps, Care, PIN, RDFG, HEKS-EPER, GIPA, CENN, Caritas Czech Republic – საკუთარი პრეზენტაციები წარმოადგინეს, რომლებშიც მიმდინარე პროექტების აქტივობებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს (2013-2022). ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ  ENPARD-ის ვებ-გვერდს.