თბილისის შემოვლითი რკინიგზის ნაცვლად, შესაძლოა, შემოვლითი გზა გაკეთდეს

1185

„საქართველოს რკინიგზის“ კორპორატიული ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის აკაკი საღირაშვილის ინფორმაციით, თბილისის შემოვლითი რკინიგზისთვის აშენებული ინფრასტრუქტურა შესაძლოა, დედაქალაქმა ახალი საავტომობილო გზისთვის გამოიყენოს. ინფორმაციას Bm.ge ავრცელებს.

როგორც “საქმის კურსს“ აკაკი საღირაშვილმა განუცხადა, შემოვლითი რკინიგზის აქამდე არსებული პროექტი და უკვე აშენებული ინფრასტრუქტურა რკინიგზის გამტარუნარიანობას და საოპერაციო ხარჯებს ზრდის, ამიტომ მისი დასრულება დაწყებული სცენარით არ იგეგმება, მიუხედავად იმისა, რომ პროექტის 80% უკვე განხორციელებულია.

„რაც შეეხება უკვე შექმნილ ინფრასტრუქტურას და დახარჯულ თანხას, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ თბილისს შემოვლითი საავტომობილო გზა ესაჭიროება. სწორედ ეს კვლევებიც დასრულებულია და ის მონაკვეთი სავსებით შესაძლოა, გამოყენებული იყოს ამ მიზნებისთვის, თუმცა გადაკეთების შემდეგ, რადგან რკინიგზას სხვა პარამეტრები აქვს, გზას – სხვა“, – განაცხადა აკაკი საღირაშვილმა.

მისივე განმარტებით, ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა საკითხის განხილვა თბილისის მერიასა და საქართველოს მთავრობასთან მიმდინარეობს.