ახალციხეში ბაღის მასწავლებელს ბავშვებზე ძალადობაში ადანაშაულებენ

850

ახალციხის N1 ბაგა-ბაღის მასწავლებელს მადლენა გიორგაძეს მშობლები ბავშვების ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ. მომხდარზე დაწყებულია ძიება. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

მეორე ცვლის აღმზრდელის მადლენა გიორგაძის წინააღმდეგ საჩივარი სამი წლის ბიჭის მშობელმა 19 ივნისს დაწერა. ახალციხის N1 ბაგის მენეჯერი თამარ ქიმერიძე ამბობს, რომ ინციდენტის დროს იგი სამსახურში იმყოფებოდა, თუმცა ფაქტს არ შესწრებია. მისი თქმით, მშობელმა განცხადებაში დაწერა, რომ მასწავლებელი მის შვილს უდიერად მოექცა.

„საღამო იყო, მასწავლებელს ბავშვები აივანზე ყავდა გამოყვანილი. როგორც მშობელი ამბობს ბავშვის წასაყვანად იყო მოსული და დაინახა მასწავლებელი უხეშად მოეპყრო თავის ბავშვს, მაშინვე მომმართა განცხადებით, ჩვენ მივიღეთ შესაბამისი ზომები და მასწავლებელს გაფრთხილება მივეცით პირად საქმეში შეტანით. როგორც მადლენა გიორგაძემ მითხრა სკამებს შორის ბავშვს ხელი ჩაეჭედა, დახმარებას ცდილობდა და უხეშად მოუვიდა“, – ამბობს ახალციხის N1 ბაგის მენეჯერი თამარ ქიმერიძე.

N1 ბაგის ამავე მასწავლებელს აღსაზრდელის ცემაში კიდევ ერთი მშობელი ადანაშაულებს.

„მეცხრე არხთან“ საუბრისას აღსაზრდელის დედა ჰყვება, როგორ შეამჩნია ბაღიდან დაბრუნებულ შვილს ტანზე სილურჯე და მაისურზე სისხლის წვეთები. დედა ამბობს, რომ ბაგის ადმინისტრაციას აღარ მიმართა, რადგან მასწავლებელს წასვლის შესახებ განცხადება უკვე დაწერილი ჰქონდა.

„წყლის გადავლების მიზნით გავხადე ბავშვს და მაშინ შევამჩნიე. ვერ გეყვით ეს ხელით იყო თუ სხვა რამით. ბავშვმა თქვა თავი დამანებე მე სულა მცემენო. მე არ დამინახავს რითი სცემა. ის ვიცი, რომ მასწავლებელს უღიარებია“, – ჰყვება ბავშვის დედა.

თამარ ქიმერიძის თქმით, აღმზრდელის მხრიდან ბავშვის ცემის ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს და მისთვის არც მშობელს მიუმართავს.

მადლენა გიორგაძე მეორე ცვლის აღმზრდელად ბაგაში რვა წლის განმავლობაში მუშაობდა. ბაღის დირექტორის თქმით, გიორგაძეს 10 კლასის განათლება აქვს და დასძენს, რომ საშუალო განათლების მქონე მასწავლებლები ახალციხის ბაგა–ბაღებში ბევრი ჰყავთ.

ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი მარინა მერაბიშვილი ამბობს, რომ მადლენა გიორგაძე აღმზრდელად 2007 წელს მიიღეს, ამ პერიოდში ბაგა–ბაღებში დასაქმებისთვის უმაღლეს განათლებას არ ითხოვდნენ: „ახლა ასე აღარ არის და უმაღლეს განათლებას ვითხოვთ, მაგრამ კანონში გათვალისწინებული არ არის, ის პირები, რომლებიც ბაღებშია დასაქმებული და უმაღლესი განათლება არ აქვს, სამსახურიდან გავთავისუფლოთ. იმ მასწავლებლებს, რომელბსაც შესაბამისი განათლება არ აქვთ, 2022 წლამდე აქვთ დრო რომ გადაემზადონ“, – განმარტავს მარინა მერაბიშვილი.

მომხდარიდან ერთი თვის შემდეგ 20 ივლისს მადლენა გიორგაძემ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება თავად დაწერა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის მარინა მერაბიშვილის განმარტებით, მომხდარის შემდეგ შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც ახალციხის ბაგა–ბაღებში ბავშვთა უფლებების დარღვევის ფაქტებს სწავლობს.