ანაგის მკვიდრი სიღნაღის მერიის თანამშრომელს ზეწოლაში ადანაშაულებს

657

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგის მცხოვრები ნინო გოგოლაშვილი ადგილობრივ თვითმმართველობას ზეწოლაში ადანაშაულებს. ინფორმაციას “კახეთის ხმა” ავრცელებს.

გოგოლაშვილის თქმით, მას შემდეგ რაც სოფელში არსებული დაზიანებული გზის და წყლის პრობლემაზე სხვადასხვა მედიასაშუალებას ინფორმაცია მიაწოდა, მასთან სიღნაღის მერიის კომუნალური სამსახურის უფროსის, ჯონდო გელაშვილის ძმა, გია გელაშვილი მივიდა და მისი დაშინება სცადა.

მან მომხდარი ფაქტის შესახებ ადგილობრივ თვითმმართველობას აცნობა და აღნიშნული პირების სამსახურიდან გათავისუფლება მოითხოვა. ნინო გოგოლაშვილის თქმით, თუ მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, აუდიო მასალას, რომელიც თავად აღნიშნულ პირთან შეხვედრისას ჩაწერა, სახალხო დამცველსა და შესაბამის სამსახურებს მიაწვდის.

“ჩემი აქტიურობა ანაგელების პრობლემებთან დაკავშირებით ყველასთვის ცნობილია, წყლის და გზის პრობლემების მოგვარებას მოვითხოვ. ჟურნალისტებსაც ვესაუბრე ამ საკითხზე. რამდენიმე დღის წინ კი დილის 8 საათზე, სახლში ჩემთან მოვიდა მაღალი, ოდნავ ჭაღარა შუახნის მამაკაცი შავი სათვალით, რომელიც უტიფრად სიგარეტს მაბოლებდა სახეში და აგრესიული ტონით მესაუბრებოდა. ის პასუხს მთხოვდა ჩემს ქმედებაზე და მეუბნებოდა, რატომ დადიხარ და ჩივიხარო მედია საშუალებების წარმომადგენლებთანო. ის მოვიდა ჩემს შესაშინებლად და გასაჩუმებლად. ფაქტს ჰყავს თვითმხილველებიც და არსებობს ჩანაწერებიც. მოვითხოვ ამ ადამიანის საჯარო სამსახურიდან დაუყოვნებლივ გაშვებას და მისი ძმის, რომელიც სიღნაღის მერიის კომუნალური სამსახურის უფროსია და საკუთარი ძმა ჰყავს მძღოლად გაფორმებული. ამ მოთხოვნით მივმართე თვითმმართველობას და ველოდები მათგან პასუხს. წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებლად მივმართავ სახალხო დამცველის აპარატს და შესაბამის ორგანოებს’’,- თქვა ნინო გოგოლაშვილმა.

სიღნაღის მერიაში ამბობენ, რომ გია გელაშვილი ნინო გოგოლაშვილთან მხოლოდ გზის და წყლის პრობლემაზე დეტალების გასაგებად და საკითხის დასაზუსტებლად მივიდა. სიღნაღის ვიცე-მერის, მადონა ბატიაშვილის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ გელაშვილს მოქალაქისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია და ის არ დაუშინებია, მათ აღნიშნულ პირს გაფრთხილება მაინც მისცეს.

“შეურაცხყოფის ფაქტი არ ყოფილა. ნინო გოგოლაშვილთან კომუნალური სამსახურიდან მივიდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ პრობლემასთან დაკავშირებით გარკვეული საკითხი დაეზუსტებინათ. გია გელაშვილი ისეთი კარგად მუშაობს, რომ დღემდე სიტყვიერი საყვედური და გაფრთხილებაც კი არ ჰქონია. თანამშრომელს კი სამსახურიდან ასე არ ათავისუფლებენ. ამას აქვს თავის წესები. გია გელაშვილს ამ საკითხზე გაფრთხილება მივეცით, რომ ასე არ უნდა მოიქცეს, თუმცა ვიცით, რომ არაფერი დაუშავებია. ის ჩანაწერი, რომელზეც გოგოლაშვილი საუბრობს, ჩვენც მოვისმინეთ. თავისი ნებაა გაასაჯაროვებს თუ არა. რაც შეეხება აღნიშნულ პირთან გია გელაშვილის მისვლას, ის გაღიზიანებული იყო და თავად მივიდა, ვიდრე ჩვენ გავარკვევდით რაიმეს. ამ საკითხზე მერმაც და მეც ნინო გოგოლაშვილს ბოდიში მოვუხადეთ. მას შემდეგ რამდენჯერმე შევხვდით მას და აღნიშნულ საკითხზეც ვისაუბრეთ’’,- განაცხადა ადონა ბატიაშვილმა.