თელავში თვითმმართველობის საქმიანობაში შშმ პირების ჩართულობის გზებზე იმსჯელეს

815

მაკლეინის ასოციაციის ინიციატივით და მშობელთა მხარდამჭერი ცენტრის ორგანიზებით, თელავში თვითმმართველობის საქმიანობაში შეზღუდულის შესაძლებლობის მქონე პირების ჩართულობასა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის აუცილებლობაზე იმსჯელეს. ინფორმაციას “კახეთის ხმა” ავრცელებს.

ორდღიან ტრენინგს ესწრებიან შშმ პირები, მათი ოჯახის წევრები, დაინტერესებული მოქალაქეები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საჯარო მოხელეები.

ტრენერის, ანა აბაშიძის ინფორმაციით, სემინარის მთავარი მიზანია სპეციალური საჭიროების მქონე პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე თვითმმართველი ერთეულების საქმიანობის გააქტიურება.

“ვიცით, რომ არსებობს გამოწვევა თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობასთან დაკავშირებით. ბევრ მნიშვნელოვან საკითხს მათ არ უთანხმებს უწყება, არადა თითოეული ადამიანის უფლებაა, იყოს ჩართული გადაწყვეტილების მიღების პროცესში. სწორედ ამიტომ მსგავსი ტრენინგებით და შეხვედრებით ვცდილობთ, რომ შშმ პირებთან და მათი ოჯახის წევრებთან, მედიასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და თვითმმართველობასთან ერთად ვიმსჯელოთ, როგორ შეიძლება გავაძლიეროთ უწყება იმგვარად, რომ თანამშრომლობა და ჩართულობა იყოს ეფექტური. თვითმმართველობები ასე თუ ისე თანამშრომლობენ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მაგრამ არის შემთხვევები, სადაც თანამშრომლობის ხარისხი დაბალია. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს და ვცდილობთ მივაწოდოთ ინფორმაცია პირებს, რომ ეს თანამშრომლობა ორმხრივად სასარგებლოა. ტრენინგი, რომელიც ჩავატარეთ, სწორედ ამ ტიპის ურთიერთობების და თანამშრომლობების ეტაპებზე გადასვლას ეხებოდა. მსგავსი აქტივობა მაკლეინის ასოციაციის მიერ სხვა ქალაქებშიც ჩატარდა’’,-თქვა ანა აბაშიძემ.