თბილისის მერიამ დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკა წარადგინა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, ვიცე-მერთან, ირაკლი ხმალაძესთან ერთად, საზოგადოებას ახლადშემუშავებული სატრანსპორტო პოლიტიკა წარუდგინა.

მერიის ცნობით, სატრანსპორტო პოლიტიკის მიზანი დედაქალაქის საცობებისგან განტვირთვა და ჰაერის დაბინძურების შემცირებაა.

როგორც მერიაში აცხადებენ, პოლიტიკა ორიენტირებულია ქვეითების უსაფრთხო გადაადგილებასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზე. ამ ამოცანების შესასრულებლად კი 2018-2019 წლებში 511 ამორტიზებული ავტობუსის სრულად ჩანაცვლება იგეგმება, ხოლო 2020 წლისთვის ახალი ავტობუსების რაოდენობის გაზრდა 900 ერთეულამდე.

“2019-2021 წლებში მეტროს დაემატება 12 ახალი შემადგენლობა, ხოლო ავტობუსებისა და მეტროს განვითარების პარალელურად, იგეგმება მიკროავტობუსების რაოდენობის შემცირება და მათი სრულად განახლება.

2019 წელს განახლდება მეტროს, ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები და მოხდება მათი სინქრონიზაცია, რის შედეგადაც ოპტიმალურად განაწილდება მგზავრთა ნაკადები და გაიზრდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობა.

2021 წლამდე ავტობუსის ზოლები მოეწყობა რუსთაველის, წერეთლის, ყაზბეგის, ვაჟა-ფშაველას გამზირებზე, ასევე, მელიქიშვილისა და კოსტავას ქუჩებზე.

სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, მიმდინარე წლიდანვე სავალდებულო ხდება ტაქსების რეგისტრაცია, ხოლო 2019 წლიდან რეგულირება შეეხება მარჯვენასაჭიან, ორკარიან და განსხვავებული ფერის ტაქსებს. აღნიშნული რეგულაციების მიზანია მგზავრთა კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილება.

2019 წლიდან, რამდენიმე ცენტრალურ უბანში იგეგმება პარკირების საათობრივი და ზონალური მართვის სისტემის ამოქმედება. პარკირების რეგულირების მიზანია სატრანსპორტო ნაკადების ოპტიმალური მართვა. ამავე მიზნით იგეგმება ნაკადების მართვის „ჭკვიანი“ სისტემის ამოქმედება, რაც გულისხმობს „ჭკვიანი“ შუქნიშნების მეშვეობით მონაცემების შეგროვებას, სატრანსპორტო ნაკადების უკეთეს გადანაწილებას და მოძრაობის ორგანიზების ოპტიმიზაციას”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები