რა მარშრუტს გაივლის ბაღდათი-აბასთუმნის საავტომობილო გზა (ვიდეო)

როგორც ცნობილია, ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია მიმდინარეობს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, აღნიშნული გზა 8 ლოტად არის დაყოფილი.

უწყების ინფორმაციით, უკვე დასრულებულია აბასთუმანი-ბაღდათის მიმართულებით 3.2 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში გაგანიერდა არსებული გზა, დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, მოხდა ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტაცია, გზის ჰორიზონტალური მონიშვნა და მოეწყო საგზაო ნიშნები.

სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მასზე 3 099 300 ლარი დაიხარჯა.

რაც შეეხება გზის დანარჩენ მონაკვეთებს, სამინისტროს ინფორმაციით, მეორე ლოტზე, რომელიც წყალთაშუა-კაკასხიდის კმ1-კმ10 მონაკვეთს მოიცავს, ამ დროისათვის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი დასრულდა და ხელშეკრულების გაფორმების პროცედურები მიმდინარეობს.

მესამე, მეოთხე და მეექვსე ლოტებზე, კაკასხიდი-ზეკარის კმ1-კმ10 მონაკვეთზე, კაკასხიდი-ზეკარის კმ10-კმ17 მონაკვეთსა და ქუთაისი–ბაღდათი–საირმე-აბასთუმანი–ბენარას კმ75–კმ81 მონაკვეთზე, დასრულდა სარეკონსტრუქციო და სამშენებლო სამუშაოების პროექტირება და ამჟამად პროექტის განხილვა მიმდინარეობს.

გარდა ამისა, ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, მიმდინარეობს მეხუთე და მეშვიდე ლოტების  – კაკასხიდი-ზეკარის კმ17-კმ33 მონაკვეთისა და  ქუთაისი–ბაღდათი–საირმე–აბასთუმანი–ბენარას კმ81–კმ87 მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებზე საპროექტო სამუშაოებიც.

როგორც ცნობილია, პროექტი, ასევე, ითვალისწინებს ზეკარის უღელტეხილზე გვირაბის მშენებლობასაც. გვირაბი 2180 მეტრის სიმაღლეზე მოეწყობა.

ამ დროისთვის მერვე ლოტზე, ანუ გვირაბის მშენებლობაზე, საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს.

ბათდათი-აბასთუმნის გზის პროექტირებას IGH Georgia ახორციელებს.

სამინისტროში ამბობენ, რომ ბაღდათი-აბასთუმანის გზის რეაბილიტაცია და რეკონსტრუქცია მნიშვნელოვნად გაზრდის მომსახურების დონესა და უსაფრთხოებას, შეამცირებს სამგზავრო მანძილსა და დროს (დაახლოებით 90-120 წუთი) საქართველოს ცენტრალური ნაწილიდან თურქეთის საზღვრამდე. გზის რეკონსტრუქცია გამოაცოცხლებს რეგიონს და გაზრდის დემოგრაფიულ და ეკონომიკურ აქტივობას.

მსგავსი სიახლეები