ახალციხეში, ხანძთელის ქუჩაზე, ორი კორპუსის ეზო მოასფალტდება

706

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ ხანძთელის N32 და N34 კორპუსების ეზოების მოასფალტებისთვის ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ხანძთელის N34 კორპუსის წინ ასფალტი 1138 კვ. მეტრზე დაიგება, ტენდერი 46 292 ლარზეა გამოცხადებული. ტენდერში მონაწილეობის მსურველებისთვის წინადადებების მიღება ორ აგვისტოს დაიწყება და შვიდ აგვისტოს დასრულდება.

რაც შეეხება ხანძთელის N32 კორპუსის ეზოს, აქ ასფალტი 1 354 კვ. მეტრზე დაიგება. ტენდერი 47 514 ლარზეა გამოცხადებული.

შეგახსენებთ, რომ ხანძთელის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა წლებია დასახლებაში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, წინასაარჩევნოდ ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე ეზოსა და სკვერის მოასფალტებას დაპირდა.

ადგილობრივ თვითმმარველობაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ ეზოების მოასფალტება იგეგმება, მომავალში კი სკვერის მოწყობა, თუმცა კონკრეტულად როდის გამოცხადდება ტენდერი სკვერის გასაკეთებლად ცნობილი არ არის.