ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციისთვის თბილისის განვითარების ფონდი დამატებით 11 მილიონ ლარს ითხოვს

1307

“თბილისის განვითარების ფონდი“ ორბელიანის მოედნის, მშრალი ხიდისა და მიმდებარე ტერიტორიების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, დამატებით, 11 მილიონ ლარს გამარტივებული შესყიდვის უფლებით ითხოვს. როგორც ფონდში აცხადებენ გასულ წელს გამოყოფილი თანხის ოდენობა (52 მლნ. ლარი) საკმარისი არ აღმოჩნდა. ინფორმაციას “კომერსანტი” ავრცელებს.

ფონდში ასევე აცხადებენ, თავის დროზე გამოყოფილი თანხა საკმარისი არ არის, რადგან შენობების მდგომარეობა იმაზე მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე წინასწარი შეფასებით ჩანდა.

განაცხადში, რომელითაც ფონდმა შესყიდვების სამსახურს მიმართა აღნიშნულია, რომ პრობლემები შეიქმნა, როგორ მიწისქვეშა გაყვანილობების, ასევე გრუნტისა და შენობების მდგრადობის კუთხით. თვითნებური ჩამოშლის გამო, რამდენიმე ისტორიული შენობის დემონტაჟი გახდა საჭირო, რამაც დამატებითი პროექტირების აუცილებლობა გამოიწვია. გარდა ამისა, რამდენიმე სადარბაზოში გამოვლინდა ისტორიული მოხატულობა, რომელთა შენარჩუნებაც დამატებით სამუშაოებს საჭიროებს.

შეგახსენებთ, რომ ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია გასულ წელს დაიწყო და 52მილიონიანი პროექტი, ასევე გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, კომპანია ,,ინ სი“-სგადაეცა.სამუშაოების ძირითადი ნაწილის დასრულება 2018 წლის ბოლოსთვის იგეგმება. ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციის ფარგლებში, სარესტავრაციო სამუშაოები 18 მისამართზეა დაგეგმილი.