საბურთალოზე, ჩიქოვანის ქუჩაზე, 30 ავტოფარეხის ნაცვლად, სკვერის გაფართოება და პარკინგის მოწყობა იგეგმება

905

საბურთალოს რაიონში, სიმონ ჩიქოვანის (ყოფილი ხილიანი) N19-ში არსებული მოსასვენებელი სივრცე გაფართოვდება და ახალი საპარკინგე ადგილი მოეწყობა. აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები მოსახლეობის გადაწყვეტილებით, საბურთალოს რაიონის გამგეობამ, დაახლოებით, 30 ავტოფარეხის დემონტაჟი განახორციელა.

„აღნიშნულ ტერიტორიაზე დაახლოებით, 30 ერთეული ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა. ადგილობრივი მოსახლეობა პროცესში აქტიურადაა ჩართული. მიხარია, რომ ჩვენს ინიციატივას ძალიან კარგი გამოხმაურება მოჰყვა. დიდი სივრცე გათავისუფლდა, სადაც ძალიან კარგი სკვერი გაკეთდება. ასევე, მოეწყობა ბავშვებისთვის სათამაშო მოედნები. სიმახინჯეების ნაცვლად, აქ მცხოვრები მოქალაქეებისთვის საუკეთესო დასასვენებელი და გამწვანებული სივრცე იქნება. მიხარია, რომ მოსახლეობა გვერდში გვიდგას და აღნიშნულ პროექტს ერთად ვახორციელებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ჩიქოვანის N19-თან დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას საბურთალოს რაიონის გამგებელ გაიოზ ვასაძესთან და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ვახტანგ შაქარიშვილთან ერთად შეხვდა.