ზურაბ ჯაფარიძე: ტაქსის სერვისი გაძვირდება, ვიღაც ბევრ ფულს იშოვის, როგორც ყვითელ „მარშუტკაზე“

758

“გირჩის” საპრეზიდენტო კანდიდატის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, სამომავლოდ ტაქსებით მომსახურება გაძვირდება. მისი თქმით, დღეს საქართველოში ყველაზე დერეგულირებული ტაქსები არიან და სწორედ ამიტო არის მათი სერვისი იაფი. ამის შესახებ მან “TV პირველის” ეთერში განაცხადა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

ზურაბ ჯაფარიძე ფიქრობს, რომ ტაქსების რეგულაციით “გაძვირდება ტაქსის სერვისი, ვიღაც იშოვის ბევრ ფულს, ისე როგორც ყვითელ მარშუტკაზე შოულობენ”.

“სავალდებულო რეგისტრაცია შემოიღეს, ამით აღრიცხავენ ყველას, ვინც ტაქსაობს, შეისწავლიან ბაზარს, ნახავენ რამდენი არიან, შემდეგ მომავალ წელს ალბათ გამოაცხადებენ ტენდერს და ჩაახუტებენ რომელიღაც ახლობელს და იტყვიან ყველა უნდა იყოს ერთი ფერის, ევროპაში ასეა, გვეტყვიან ეკოლოგიაზე, უსაფრთხოებაზეც. შედეგი იქნება ის, რომ არაფერი არ გაუმჯობესდება, გარდა იმისა, რომ გაძვირდება ტაქსის სერვისი – ვიღაც იშოვის ბევრ ფულს, ისე როგორც ყვითელ მარშუტკაზე შოულობენ.

აიღეთ ნებისემირ სფერო, სადაც ჩარეულია თბილისის მერია, ან თუნდაც რომელიმე სამთავრობო სტრუქტურა და მერე მითხარით, რომელი სფერო აქვთ ისეთი მოწესრიგებული, რომ ახლა მაინცდამაინც ტაქსებში ვარდებიან და მას მოაწესრიგებენ.

ავტობუსებია მოწესრიგებული, მარშუტკებია მოწესრიგებული, მეტროა მოწესრიგებული, ჭერი ინგრევა თავზე, თუ სადაც სახელმწიფოა შესული, სადმე არის რამე ისეთი, რომ სამაგალითო იყოს? რატომ ერჩიან ახლა ტაქსებს, ტაქსებსაც დედას უტირებენ, ფულს იშოვიან ვიღაცეები”, – თქვა ზურაბ ჯაფარიძემ.

თბილისის მერიაში ტაქსების კომპანიებსა და მერიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა 10 ივლისს გაიმართა. მაშინ საუბრეს იმ ნორმებთან დაკავშირებით, რომელთა დაკმაყოფილებაც მძღოლებს ტაქსით მომსახურების სერვისის ფარგლებში, პირველ და მეორე ეტაპზე მოუწევთ.

1-ელი ნოემბრიდან უკვე რეგისტრაცის გავლის გარეშე ტაქსით მომსახურეობა ჩაითვლება უნებართვო საქმიანობად და 200-ლარიან ჯარიმას გამოიწვევს.