ახალციხეში 34 საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაცია იგეგმება

718

ახალციხეში 34 საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაცია იგეგმება. საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების მოსამზადებლად, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი 10 508 ლარზე გამოაცხადა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საცხოვრებული კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია ახალციხის ხუთ ქუჩაზე იგეგმება. საპროექტო დოკუმენტები გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებიდან ორი თვის ვადაში უნდა დაასრულოს.

ასპინძის ქუჩა – N26, N28, N30, N34, N36, N38, N40;

რუსთაველის ქუჩა – N95, N99ა, N101, N103, N105, N107;

ცხრა აპრილის ქუჩა – N3, N25;

თამარაშვილის ქუჩა – N5, N7;

ზარზმელის ქუჩა – ექვსი ხუთსართულიანი და 11 ორსართულიანი ბინები;

როგორც სატენდერო დოკუმენტებშია აღნიშნული, რეაბილიტაცია საცხოვრებელი კორპუსის ფასადის დაზიანებული ნალესისა და არსებული აივნების იატაკებიდან ძველი საფარის დემონტაჟს ითვალიწინებს; ფასადის და აივნის ძირის გაუმჯობესებულ შელესვას ქვიშა ცემენტის ხსნარით; კედლების შეწინწკვლა და შეღებვა მაღალხარისხიანი გარე სამუშაოებისათვის განკუთვნილი საღებავით; კარებებისა და ფანჯრების შეღებვას ზეთიანი საღებავით; აივნების მოჭიმვა ცემენტის ხსნარით და მეტლახის ფილების მოწყობა; აივნების მოაჯირების შეკეთება და შეღებვა; ფანჯრებზე და აივნების გვერდულებზე საცრემლულების მოწყობა თუნუქის ფურცლებით; აივნების მოპირკეთება “ალუკობონდით”; კორპუსის სადარბაზოების ძველი ნალესის დემონტაჟი; სადარბაზოების კიბეებისა და მოაჯირების აღდგენა საჭიროების შემთხვევაში; სადარბაზოების კოსმეტიკური რემონტი და შესასვლელში ლითონის კარის მოწყობა კოდირებული საკეტით.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ საპროექტო დოკუმენტები მზადდება, კორპუსების რეაბილიტაციას კი ეტაპობრვად ჩაუტარებენ, ნაწილს წელს, ნაწილს კი მომავალ წლებში.