არასამთავრობოები პრეზიდენტს თვითმმართველობის არჩევნების თარიღის დანიშვნას სთხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაციები 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმებისა და მათთვის სათემო მუნიციპალიტეტებთან გაერთიანების თაობაზე ხელისუფლების ინიციატივას აკრიტიკებენ.

“კანონპროექტის შემუშავების პროცესი წარიმართა საზოგადოების წარმომადგენლების და ექსპერტების ყოველგვარი ჩართულობის გარეშე”, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ისინი პრეზიდენტს მიმართავენ, დანიშნოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღი და ამბობენ, რომ ეს ერთადერთი საშუალებაა, რათა ინიციატივის განხორციელებამ, სულ ცოტა, 2022 წლამდე გადაიწიოს.

თვითმმართველო ქალაქების გაუქმების საკითხზე განცხადება 5 ქალაქში: თბილისში, თელავში, გორში, ოზურგეთსა და ზუგდიდში ერთდროულად გააკეთეს.

16 მაისს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 14 თვითმმართველ ერთეულს დღეს წერილები გაუგზავნა და თვითმმართველი ქალაქებისა და სათემო მუნიციპალიტეტების გაერთიანების პროცედურების დაწყება მოსთხოვა.

გავრცელებული ინფორმაციით, საკრებულოები გაერთიანების საკითხს კვირის ბოლომდე განიხილავენ.

თვითმმართველი ქალაქების შესაძლო გაუქმებაზე 29 მარტს 120-მა არასამთავრობო, სათემო და მედია ორგანიზაციამ საქართველოს პრემიერმინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს განცხადებით მიმართა და მოითხოვა, არ დაუშვას 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის გაუქმება.

წყარო: იმედინიუსი

მსგავსი სიახლეები