გურჯაანის მერი: კურორტ ახტალაზე მეჩეთი არ აშენდება

478

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი „ეროვნული ძალის“ მიერ 22 ივლისს გავრცელებული ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც კურორტ “ახტალაზე” მეჩეთი შეიძლება აშენდეს. ამის შესახებ “კახეთის ხმა” წერს.

არჩილ ხანდამაშვილი ირწმუნება, რომ კურორტზე მეჩეთი არ აშენდება. მერის ინფორმაციით, ინვესტორი დაინტერესებულია, გურჯაანში შექმნას კომპლექსური საკურორტო ზონა, რომელიც გახდება საერთაშორისო მიზიდულობის ცენტრი და შიდა ტურისტების გარდა, უმასპინძლებს ვიზიტორებს სხვადასხვა ქვეყნიდან.

“ინვესტორმა 48 თვის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს 120 ნომრის მქონე სასტუმრო კომპლექსის სრული დატვირთვით ამუშავება, ღია და დახურული ტიპის აუზებით, რესტორნებით, სარეაბილიტაციო/გამაჯანსაღებელი ცენტრებით, ეზოს გამწვანებით, გარე განათებით, ავტოსადგომით, რომელიც გააჩენს ახალ სამუშაო ადგილებს გურჯაანელებისთვის და შეინარჩუნებს არსებულს. ასევე, განვმარტავ, რომ აუქციონის პირობების მიხედვით, „ახტალას“ ტერიტორიაზე არსებული პარკი არ გადაეცემა ინვესტორს და რჩება გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სარგებლობაში, თუმცა მასზე მზრუნველობისა და მოვლა-პატრონობის სრულ ხარჯებს ინვესტორი გაიღებს. საინვესტიციო პირობები არის საჯარო ინფორმაცია და ნებისმიერ დაინტერესებული ადამიანს შეუძლია მისი ნახვა”, – განაცხადა არჩილ ხანდამაშვილმა.

„ახტალას“ კურორტის მშენებლობისთვის 12 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. კურორტის „ახტალას“ რეაბილიტაცია, 2018 წლის ბოლომდე დაიწყება. გურჯაანში მდებარე ბალნეოლოგიური კურორტი “ახტალა” შპს “გლობალ ვიქთორი ჯორჯიამ” 3 760 000 ლარად იყიდა.ელექტრონული აუქციონი 14 ივნისს დასრულდა. კურორტის საწყისი ფასი 3 755 000 ლარი იყო.