გორის სოფელ მეჯვრისხევში ახალი საბავშვო ბაღი აშენდება

981

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში 2019 წელს ახალი, თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული, 6 ჯგუფზე გათვლილი საბავშო ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყება.

მერიის ცნობით, მშენებლობის დასრულებამდე ბაღის აღსაზრდელები სწავლას ალტერნატიულ ფართში გააგრძელებენ.

მეჯვრისხევის ბაგა-ბაღი 1987 წელსაა აშენებული. ვიზუალური დათვალიერების შემდეგ, შენობას ჩაუტარდა ექსპერტიზა, რომლის დასკვნის საფუძველზეც, სწავლის დამთავრებამდე რამოდენიმე დღით ადრე, ბაღში სასწავლო პროცესი შეწყდა.

“ზაფხულის არდადეგების პერიოდში, მერია უზრუნველყოფს ალტერნატიული შენობის მოძიებასა და მოწყობას. ამ საკითხთან დაკავშირებით, დღეს ბაღის პედაგოგებსა და აღსაზრდელების მშობლებს გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ეკატერინე სუხიშვილი და სკოლამდელი აზრდის სააგენტოს ხელმძღვანელი ლიანა კოვზიაშვილი შეხვდნენ”, – აცხადებენ გორის მერიაში. 

„ბაღი ფუნქციონირებას არ შეწყვეტს და ახალი სასწავლო წლიდან ალტერნატიულ ფართში გააგრძელებს ფუნქციონირებას.“ – განაცხადა შეხვედრის დროს მერის მოადგილემ.

ალტერნატიულ ფართში გააგრძელებენ სწავლას ზერტის საბავშვო ბაგა – ბაღის აღსაზრდელებიც. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ზერტის ბაგა – ბაღის შენობაც ავარიულ მდგომარეობაშია.