გურჯაანში ხილის ფესტივალი გაიმართება

893

29 ივლისს ქალაქ გურჯაანში, კურორტ „ახტალას“ ტერიტორიაზე, ხილის ფესტივალი გაიმართება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, კახეთის რეგიონში ხილის ფესტივალი პირველად ჩატარდება.

მერიის ინფორმაციით, ფესტივალის ორგანიზატორები კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია და კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტო არიან.

გურჯაანის მერიაში აცხადებენ, რომ ფესტივალის მიზანის წარმოადგენს ადგილზე წარმოებული ხილის პოპულარიზება, ფერმერთა მიერ წარმოებულ პროდუქციაზე ცნობადობის ამაღლება, როგორც შიდა ისე საექსპორტო ბაზრებზე;

“ასევე, ფესტივალის მიზანია ბიზნეს კონტაქტების დამყარებისა და კომუნიკაციის გაუმჯობესების ხელშეწყობა ადგილობრივ ფერმერებსა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შორის;

ხილის წარმოების კუთხით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უპირატესობის წარმოჩენა, ფერმერთა ცნობიერების ამაღლება ხილის ჯიშობრივი და ხარისხობრივი გაუმჯობესების კუთხით, ასევე, დაინტერესებულ პირთა ინფორმირება სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ხელშემწყობ პროექტებზე, სწორი კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზება.

ფესტივალზე მოწვეულნი იქნებიან ხილის ადგილობრივი მწარმოებლები, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, ტურისტები, ბიზნესსექტორის, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, საგანმანათლებლო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.

ფესტივალის ფარგლებში სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ და შეიძინონ მუნიციპალიტეტში წარმოებული ხილი და მისგან დამზადებული ნატურალური წვენები, შემდგომი თანამშრომლობის მიზნით სპეციალურად მოწყობილ საკომუნიკაციო სივრცეებში გამართონ მოლაპარაკებები ადგილობრივ მწარმოებლებთან, გაეცნონ ხილის წარმოების კუთხით არსებულ კარგ სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკებსა და სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ხელშემწყობ პროექტებს, გაიზიარონ წარმატებული ფერმერების გამოცდილება და ისიამოვნონ შექმნილი გარემოთი”,- განაცხადეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში.