თბილისის მერიას მეტროების შშმ პირებისთვის ადაპტირებას სთხოვენ

667

თბილისის მერს კახა კალაძეს პროგრამა “შენი იდეა ქალაქის მერს” ფარგლებში, ერთ-ერთი იდეის ავტორი სთავაზობს, რომ მეტროები შშმ პირებზე ადაპტირდეს.

თბილისის მერიის ვებგვერდზე ქალაქის განვითარების შესახებ მოქალაქეთა იდეების მიღება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, ვებგვერდზე  168 მიმდინარე, 175 დაბლოკილი, 1 უარყოფილი, 9 განსახილველი,  466 არშემდგარი და 2 შეთანხმებული იდეა ფიქსირდება.

ერთ-ერთი იდეის ავტორი პროექტის “მეტროების შშმ პირებისთვის ადაპტირების” განხილვას ითხოვს.

“ევროპის უმეტეს ქვეყნებში ყველა მეტროსადგურთან არის სპეციალური ლიფტები მოწყობილი, რომლითაც შშმ პირებს მარტივად ეძლევათ მეტროთი სარგებლობა.

გასაგებია, რომ უმეტესი მეტროს სადგური ძალიან ღრმა არის იმისათვის, რომ ლიფტი გაკეთდეს, მაგრამ უმეტრსობა მათგანს აქვს 3 ექსკავატორი რომელთაგან 1 ყოველთვის გაჩერებულია. შეიძლება ამ ექსკავატორების გადაკეთება შშმ პირებისთვის”, – აცხადებს იდეის ავტორი გიორგი ჩირაძე.

იდეის განხილვა თბილისის მერიაში იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ის 2500 ხმას შეაგროვებს. ამ დროისთვის, გიორგი ჩირაძის იდეას 10 ხმა აქვს.

შეგახსენებთ, 12 თებერვალს, თბილისის მერმა კახა კალაძემ ელექტრონული პორტალის – “შენი იდეა ქალაქის მერს“ პრეზენტაცია გამართა. პორტალი ახალი იდეების საჯარო თავმოყრას ისახავს მიზნად, რომელიც შესაბამისი ხმების მიღების შემდეგ, განსახილველად მერიას გადაეცემა. თბილისის მერის განცხადებით, ვებგვერდის ამოქმედების მიზანი ქალაქის განვითარებაში მეტი მოქალაქის ჩართულობა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაა