ზუგდიდში მიუსაფარი ცხოველების მონიტორინგი იგეგმება

882

ზუგდიდში მიუსაფარ ცხოველთა მონიტორინგს არასამთავრობო ორგანიზაცია განახორციელებს. ინიციატივა ასოციაცია „მერკურს“ ეკუთვნის. ისინი გარკვეული მონაცემების შეკრებას მოხალისეების დახმარებით გეგმავენ. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

ორგანიზაციაში პროექტების კოორდინატორმა ოლგა კიკავამ განაცხადა, რომ პრობლემა მუნიციპალიტეტისთვის აქტუალურია, რომელზეც ბევრს საუბრობენ, თუმცა კონკრეტული ნაბიჯები მის გადასაჭრელად ამ დრომდე არ გადადგმულა.

„ხშირად ამის მიზეზად სახელდება, რომ ჩვენ არ გვაქვს სტატისტიკა, მონაცემები, რამდენ ცხოველზე უნდა გავაკეთოთ თავშესაფარი, რა ჯდება ერთი ძაღლი. რომ განვსაზღვროთ, რამდენად დიდია ეს პრობლემა, კონკრეტული ციფრები რომ მიიღოს ადგილობრივმა მთავრობამ, ამიტომ გადავწყვიტეთ მონიტორინგის გაკეთება“.

მისი თქმით, პირველ ეტაპზე ფიქრობენ მხოლოდ ქალაქის ტერიტორია მოიცვან, და თუკი მოახერხებენ, სოფლებიც. მონიტორინგი სავარაუდოდ სექტემბრისთვის უნდა დასრულდეს, შემდეგ მონაცემები დაამუშაონ და ადგილობრივ ხელისუფლებას მიაწოდონ ბიუჯეტის პრიორიტეტების განსაზღვრის დროს.

ორგანიზაციის წარმომადგენელი ამბობს, რომ საწყის ეტაპზე 15-20 მოხალისე მაინც დასჭირდებათ. ამ საკითხზე შეხვედრის მოწყობას „მერკური“ 25 ივლისს გეგმავს. აქ ისაუბრებენ მათ შორის იმაზე, არის თუ არა პრობლემის გადაჭრის გზა მიუსაფარ ცხოველთთავის თავშესაფრის მოწყობა, თუ უფრო იაფი და მოქნილი სტრატეგიის შემუშავება იქნება ეფექტური.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საკითხზე ზუგდიდის მერიაში ორ ივლისს გამართულ შეხვედრაზეც იმსჯელეს, სადაც ერთხმად აღინიშნა, რომ მათ თანხა თავშესაფრის ასაშენებლად არ აქვთ. ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტიდან ძაღლები ინდმეწარმე გიორგი მაღლაფერიძეს გადაჰყავს თავშესაფარში.

პრობლემის გადაწყვეტის მოთხოვნით მოქალაქეებმა ზუგდიდში საპროტესტო აქციები რამდენჯერმე გამართეს.