თელავში მეფუტკრეებს უფასო სწავლების კურსის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს (ვიდეო)

773

წინა სტატია

თელავში შეხვედრა გაიმართა, სადაც მეფუტკრეებს უფასო სწავლების კურსის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

სწავლების კურსი ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ” (People In Need – PIN) პროექტის „მეფუტკრეობის მდგრადი განვითარება საქართველოში” ფარგლებში ჩატარდება.

პროექტის კოორდინატორის, ნინო მარკოზაშვილის თქმით, პროექტის მიზანია ქვეყანაში მეფუტკრეობის პროდუქციის ხარისხისა და პროდუქტიულობის ზრდის ხელშეწყობა წარმოებისა და გადამუშავებაში მოწინავე პრაქტიკის და ეფექტური მეთოდების დანერგვის გზით, რაც საბოლოოდ განაპირობებს ხარისხიანი მეფუტკრეობის პროდუქციის მოცულობისა და ღირებულების ზრდას.  მისი ინფორმაციით, პროექტის განხორციელება საქართველოში 2018 წლიდან დაიწყო.

,,პროექტი მცირე და საშუალო ზომის, 10-დან 160 სკის მფლობელ მეფუტკრეებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, გაიარონ უფასო თეორიული და პრაქტიკული სასწავლო კურსი (7 სალექციო დღე), რეგიონებში მოღვაწე მოწინავე მეფუტკრეების საწარმოებში, მსოფლიოში აღიარებული სპეციალისტების მიერ შედგენილი მეფუტკრეობის სახელმძღვანელოს მიხედვით. შეხვედრები დავიწყეთ კახეთის რეგიონში, მეფუტკრეებს ვაცნობთ პროექტს და შესაძლებლობებს. შეხვედრებზე მეფუტკრეები შეავსებენ კითხვარს, რომლის მიხედვითაც შეირჩევიან მცირე და საშუალო მეფუტკრეები, რომლებიც სწავლების კურსს გაივლიან. სასწავლო კურსის წარმატებით დამთავრების შემდეგ მათ შეუძლიათ, მონაწილეობა მიიღონ საგრანტო კონკურსში, რომელიც გამოცხადდება მიმდინარე წლის ბოლოს”,- განაცხადა ნინო მარკოზაშვილმა.

ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ” (People In Need – PIN) ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე დიდი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელმაც ბოლო 25 წლის მანძილზე 37 ქვეყანაში განახორციელა სხვადასხვა სახის პროექტი. PIN საქართველოში 2006 წლიდან მუშაობს და მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობას, ასევე ადამიანის უფლებების დაცვასა და დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებას.