კალაძე: მოსახლეობამ ახალ აღმაშენებელზე შენობებიდან თვითნებურად დამონტაჟებული კონდიციონერები მოხსნა

777

წინა სტატია

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მოქალაქეებს მადლობა იმისთვის გადაუხადა, რომ ახალ აღმაშენებელზე, ისტორიული შენობების ფასადებიდან თვითნებურად დამონტაჟებული კონდიციონერები და გამათბობლების მილები მოხსნეს.

„გახსოვთ ალბათ, რამდენიმე კვირის წინ მე ვსაუბრობდი ახლადრეაბილიტირებული აღმაშენებლის მაგალითზე სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საჭიროებების – კონდიციონერებისა და გამათბობლების გამო ისტორიული ფასადების დაზიანებასთან დაკავშირებით. მაშინ თხოვნით მივმართე მოსახლეობას, რომ გაეთვალისწინებინათ ეს ყოველივე და ამ ინფრასტრუქტურის დემონტაჟი განეხორციელებინათ, რაც მართლაც გააკეთეს და მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, რომ გაგებით მოეკიდნენ ჩვენს თხოვნას. პირველ რიგში ეს ადამიანები უნდა იყვნენ დაინტერესებულნი იმით, რომ ეს ობიექტები მაქსიმალურად შენარჩუნდეს და არავის მისცენ მათი დაზიანების შესაძლებლობა. ეს არის ძეგლები, რომლებითაც ვამაყობთ თითოეული ჩვენგანი.

რა თქმა უნდა, იმ ხარჯებს, რაც აღდგენით სამუშაოებს ეხება, როგორც მაშინ ვთქვი, მერია აიღებს საკუთარ თავზე. სამუშაოებს თბილისის განვითარების ფონდი ჩაატარებს.

იმედი მაქვს, რომ მომავალში ამგვარ ფაქტებს ადგილი არ ექნება და მოსახლეობა მეტად გაუფრთხილდება ისტორიულ ძეგლებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.