ბიუჯეტი ეკონომიკის სამინისტროს მაღალჩინოსანთა სამსახურში – “აი ფაქტის” ჟურნალისტური გამოძიება

1172

აი ფაქმტის” მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიებით გაირკვა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების ოჯახის წევრებმა თავიანთი ბიზნესის გასაფართოებლად სახელმწიფო რესურსები გამოიყენეს.

გამოცემის ცნობით, ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ის “აწარმოე საქართველოშის” ფარგლებში ორმა კომპანიამ “ქართუ ბანკისგან” იაფი კრედიტი მიიღო. შპს-ს “დამზადებულია საქართველოში N1-სა” და შპს-ს “კოლორპაკის” სესხის პროცენტს “აწარმოე საქართველოში” ბიუჯეტიდან ორი წლის მანძილზე იხდიდა.

შპს-ს “დამზადებულია საქართველოში N1-ის” მრჩეველი, დავით ბეგიაშვილი, ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების სამინისტროს ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ეკატერინე სისაურის ქმარი და ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის ცოლის ძმის ბიზნეს პარტნიორია.

გამოცემის მიერ მოპოვებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ბეგიაშვილმა 2015-2017 წლებში შპს “დამზადებულია საქართველოში N1-სგან”, შემოსავლის სახით, 81,000 ლარი მიიღო. ამ კომპანიამ “აწარმოე საქართველოშის” ფარგლებში, 2014 წელს იაფი კრედიტის სახით 1,1 მილიონი აშშ დოლარი “ქართუ ბანკიდან” მიიღო. სააგენტომ კომპანიას 2 წლის მანძილზე სესხის პროცენტის დასაფარად 203,294 დოლარი გადაუხადა. 2015 წლიდან დღემდე ამ კომპანიამ 340,000 ლარის სახელმწიფო ტენდერები მოიგო.

შპს “დამზადებულია საქართველოში N1”  სხვადასხვა სახის შესაფუთ მასალებს აწარმოებს (შესაფუთი პაკეტები, სტიკერები, ფასის მაჩვენებლები, ეტიკეტები, იარლიყები და სხვა) როგორც ჩვეულებრივ, ასევე თვითწებად ქაღალდზე.

ასევე, “აი ფაქტის” ინფორმაციით, “ქართუ ბანკისგან” იაფი კრედიტი, 4.5 მილიონი ლარის ოდენობით, ქუმსიშვილის ცოლის ბიძაშვილის კომპანიამ, შპს “კოლორპაკმა” 2016 წელს მიიღო. სსიპ-მა “აწარმოე საქართველოშიმ” ამ შემთხვევაში სესხის პროცენტის დასაფარად ბიუჯეტიდან 283,430 დოლარი დახარჯა. შპს “კოლორპაკმა” 2013 წლიდან დღემდე სახელმწიფო ტენდერებიდან 904,757 ლარი აიღო. ქუმსიშვილის ცოლის ბიძაშვილი, ირაკლი თევდორაშვილი, ასევე, შპს “ედლაინს” ფლობს, რომელმაც სახელმწიფო ტენდერებიდან 790,000 ლარი მიიღო. ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა იურიდიულმა პირებმა პირდაპირი შესყიდვის გზით ამ კომპანიას 107,000 ლარის ხელშეკრულება გაუფორმა.