თბილისის მერია კერძო მესაკუთრეებისგან დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიების გამოსყიდვას გეგმავს

კერძო საკუთრებაში არსებული დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიების გამოსყიდვის მიზნით, თბილისის მერია მესაკუთრეებთან მოლაპარაკებებს მართავს. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ თქვა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

ბითაძის თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ ტერიტორიას ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის ზონის სტატუსი ადევს, მოსახლეობამ იცის, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მათ მშენებლობების დაწყება არ შეუძლიათ. ბითაძის ინფორმაციით, მესაკუთრეთა ნაწილი თანახმაა ტერიტორიის მონაცვლეობაზე ან კომპენსაციის მიღებაზე.

“დიღმის ტყე-პარკის მესაკუთრეებთან ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. სამწუხაროდ, სახელმწიფომ თავის დროზე ეს ტერიტორია გაასხვისა და დღეს ჩვენ ხარკის გადახდა გვიწევს, რათა ამ ტერიტორიებს საჯარო ფუნქცია დავუბრუნოთ. ჩვენი უპირველესი გეგმაა, რომ ეს ტერიტორიები გამოვისყიდოთ. ამასთან დაკავშირებით საკმაოდ სერიოზული გეგმები გვაქვს. სხვა შემთხვევაში ჩვენ იქ ვერც სარწყავი სისტემის მოწყობას და ვერც აღნიშნული ტერიტორიის განათებას ვერ ვახერხებთ. სამწუხაროდ, სახელმწიფოს ამ ხარკის გადახდა რამდენიმე მილიონი დაუჯდება – საუბარია 10-მილიონ ლარზე მეტ თანხაზე“, – განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ მაია ბითაძემ.

მსგავსი სიახლეები