ღია მმართველობის პარტნიორობის სამიტი სამოქალაქო სექტორის დღით დაიწყო

651

დღეს “ღია მმართველობის პარტნიორობის” მე-5 სამიტი სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრით გაიხსნა. პირველი დღის ღონისძიებებს საქართველოდან და სხვა ქვეყნებიდან სამოქალაქო საზოგადოების 500-მდე წარმომადგენელი ესწრება.

მონაწილეები მსჯელობენ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან სოციალურ-ეკონომიკურ გამოწვევებსა და პარტნიორი ქვეყნების გამოცდილებაზე, ასევე, კორუფციასთან ბრძოლის, მართვის გამჭვირვალობის, მმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობისa და საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის საკითხებზე.

“ღია მმართველობის პარტნიორობის” სამიტი 19 ივლისამდე გაგრძელდება. სამიტში OGP-ის წევრი 75 ქვეყნიდან 2000 სტუმარი მიიღებს მონაწილეობას. 18-19 ივლისს სამიტს საქართველოს მთავრობა მასპინძლობს.

“ღია მმართველობის პარტნიორობა” მრავალმხრივი ინიციატივაა, რომლის წევრი ქვეყნები ახორციელებენ რეფორმებს ღია, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობის ჩამოსაყალიბებლად. “ღია მმართველობის პარტნიორობის” პროგრამა მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას, ჩაერთონ ქვეყნის მართვის პროცესში და მათთვის სასიკეთო ცვლილებები მოითხოვონ.

2017 წლიდან საქართველო “ღია მმართველობის პარტნიორობის” თავმჯდომარე ქვეყანაა. სწორედ თავმჯდომარეობის ფარგლებში მასპინძლობს ქვეყანა ამ მასშტაბურ ღონისძიებას. თავმჯდომარეობას მომავალ წელს კანადა გადაიბარებს.