“ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გზებზე საშიში მონაკვეთების იდენტიფიცირებას ითხოვს

701

“საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი გზებზე „შავი მონაკვეთებისა“ და წერტილების იდენტიფიცირების აუცილებლობაზე საუბრობს. ინფორმაციას  ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

როგორც ლალიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, არსებობს მონაკვეთები, სადაც წლის განმავლობაში 100-ზე მეტი საგზაო შემთხვევა ფიქსირდება. მისივე თქმით, მონაკვეთების აღრიცხვა ამჟამად იმ შეტყობინებებით ხდება, რომელიც 112-ში შედის.

“ყოველდღიურად ჩვენ ვართ მომსწრე იმისა, რომ ჩვენი თანამოქალაქეები, ბავშვები, ახალგაზრდები იღუპებიან საგზაო შემთხვევებში. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ერთსა და იმავე მონაკვეთებში ჩვენ ხშირად გვესმის, რომ ხდება საგზაო შემთხვევები და ისინი ფატალურად, ან მძიმე დაზიანებებით სრულდება. აქ ბუნებრივია ჩნდება შეკითხვა – რას აკეთებს სახელმწიფო იმისთვის, რომ აღმოიფხვრას ამ მონაკვეთებზე ასეთი ფატალური შედეგის მქონე შემთხვევები. წარმატებული ქვეყნების პრაქტიკა გვეუბნება, რომ თუ სამი წლის განმავლობაში ოთხზე მეტი ავარია მოხდა, რომელიც სრულდება ფატალური შედეგით, ან 10-ზე მეტი სრულდება მძიმე დაშავებით, ეს მონაკვეთი არის „შავი წერტილი“. ასევე არის შავი მონაკვეთებიც, რომელიც ერთი კილომეტრის რადიუსს წარმოადგენს და დაახლოებით 6-ზე მეტი ადამიანი თუ დაიღუპა, ის უკვე შავ მონაკვეთად ითვლება. წლებია გვესმის, რომ შემუშავების პროცესშია ის მექანიზმი, რომელსაც საბოლოო ჯამში მოაქვს შავი წერტილის იდენტიფიცირება. დღეს ჩვენ რეალურად ვერ აღვრიცხავთ „შავ წერტილებს“ ქვეყანაში. 112-ში შესული ზარებით გვაქვს გარკვეული მონაკვეთები, სადაც 100-ზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა”, – განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.

“საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარის ინფორმაციით, 2016 წლის მონაცემებით თბილისში ე.წ. შავი მონაკვეთები გამოვლინდა – კახეთის გზატკეცილი – 108 შემთხვევა, აღმაშენებლის ხეივანი – 120 შემთხვევა, წერეთლის გამზირი, მარცხენა და მარჯვენა სანაპიროები, სადაც 100-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.

“წლის განმავლობაში 5-ზე მეტი შემთხვევა ყველა ამ მონაკვეთზე ფატალური შედეგით სრულდება. თუ გავითვალისწინებთ იმ გამოცდილებას, რასაც მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო ორგანიზაციები გვეუბნებიან, ეს მონაკვეთები უპირობოდ არის შავი წერტილები და უნდა მივიღოთ ზომები, რათა გავანეიტრალოთ ეს შავი მონაკვეთები”, – განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.

რაც შეეხება ქუთაისს, ლალიაშვილის ინფორმაციით, ე.წ. შავი მონაკვეთებია ჭავჭავაძის გამზირი, სადაც 90 შემთხვევა მოხდა, ნიკეას ქუჩა – 68 შემთხვევა, აღმაშენებლის და ავტომშენებლის გამზირები, აქაც დაახლოებით 40-დან 90 შემთხვევამდე ფიქსირდება.

რაც შეეხება ბათუმს, ე.წ. შავი მონაკვეთებუა ბაგრატიონის ქუჩა – 168 შემთხვევა, ჭავჭავაძის ქუჩა – 130 შემთხვევა, აეროპორტის გზატკეცილი – 81 შემთხვევა, რუსთაველის გამზირი 76 შემთხვევა.