აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობა პრეზიდენტს მიმართავს

775

წინა სტატია

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილი უმრავლესობა აჭარის მთავრობის წევრობის კანდიდატებზე ინფორმაციას ავრცელებს.

“2018 წლის 4 ივლისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გადადგა დაკავებული თანამდებობიდან, რის შემდეგაც უფლებამოსილება შეუწყდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრთა 2/3 -მა, 14 დეპუტატით წარმოდგენილმა უმრავლესობის სამმა ფრაქციამ, 2018 წლის 6 ივლისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე დაასახელა თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა. უმრავლესობის სამივე ფრაქციამ, ეს პოზიცია, საქართველოს პრეზიდენტთან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში, მ/წლის 13 ივლისს, პოლიტიკურ სუბიექტებთან გამართული კონსულტაციების დროსაც გამოხატა.

 „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის მიერ უმაღლეს საბჭოში დასამტკიცებლად წარდგენილ მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურასთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის მიერ დასახელებული მინისტრების კანდიდატები.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობამ მხარი დაუჭირა მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მინისტრობის შემდეგ კანდიდატებს:

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობაზე – ინგა შამილიშვილი.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე – ზაალ მიქელაძე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე – ჯაბა ფუტკარაძე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე – ტიტე აროშიძე.

მივმართავთ პრეზიდენტს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნათა შესაბამისად, წარადგინოს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი და მის მიერ დასახელებული მთავრობის შემადგენლობა, რათა დროულად ჩამოყალიბდეს და არ შეფერხდეს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ფუნქციონირება”, – წერია განცხადებაში.

13 ივლისს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით, აჭარის უმაღლეს საბჭოში კონსულტაციები გამართა. 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ თანამდებობა 4 ივლისს დატოვა. ზურაბ პატარაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ 2016 წლის 14 ივლისს აირჩიეს.