ღია მმართველობის 2018-2020 წლის სამოქმედო გეგმაში, შესაძლოა, უკვე არსებული რამდენიმე ვალდებულებაც შევიდეს

747

წინა სტატია

თბილისის მერიის აპარატის უფროსი, “ღია მმართველობის პარტნიორობის” (OGP) სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი კიკნაძე არ გამორიცხავს, რომ ღია მმართველობის 2018-2020 წლის სამოქმედო გეგმაში უკვე არსებული რამდენიმე ვალდებულებაც შევიდეს.

როგორც მან OGP-ის ფარგლებში გამართულ ადგილობრივი ხელისუფლებების სამუშაო შეხვედრის შემდეგ განაცხადა, თბილისში “ღია მმართველობის პარტნიორობის” გლობალური სამიტი ტარდება, რომლის ფარგლებშიც, დაახლოებით, 25 ქვეყნის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი, როგორც მერის მოადგილეები, ისე გუბერნატორებია მოწვეული.

მისი თქმით, თბილისი 2016 წელს იმ 15 ქალაქს შორის შევიდა, რომლის მიხედვითაც, დამტკიცდა, რომ თბილისს შესწავს უნარი, მმართველობაში უფრო ღია და გამჭვირვალე იყოს. ასევე, პროცესში უფრო მეტი ადამიანი იყოს ჩართული.

“სწორედ ამისთვის შემუშავდა 2017 წლის სამოქმედო გეგმა, რომლითაც გარკვეული ვალდებულებები იქნა აღებული. მინდა გამოვეხმაურო გუშინ, ერთ-ერთი ორგანიზაციის მიერ, ვალდებულებებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას. გასაგებია, რომ ხუთივე ვალდებულების შესრულება ვერ მოხერხდა, მაგრამ ის ორი ვალდებულება, რომელიც აღიარებულია შესრულებულად, უკვე ნამდვილად შესრულდა. ეს არის პეტიციის ნაწილი, რომელიც დღესდღეობით ერთი ერთშია „შენი იდეა ქალაქის მერთან“, რომელიც ძალიან კარგად ამუშავდა და მეორეა – smart map, რომელიც თბილისის მერიის ვებგვერდზეა განთავსებული”, – განაცხადა გიორგი კიკნაძემ.

მისივე განმარტებით, თბილისის ღია მმართველობის 2018-2020 წლის სამოქმედო გეგმა მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს შემუშავდება.

“მიმდინარეობს ახალი სამოქმედო გეგმის დამუშავება. ახალი სამუშაო ჯგუფია შექმნილი, რომლის თავმჯდომარესაც თბილისის მერიიდან წარმოვადგენ მე. ასევე, გვეყოლება თანათავმჯდომარე სამოქალაქო სექტორიდან და უკვე აქტიურად არის გაწერილი გრძელვადიანი დღის წესრიგი. სექტემბრის ბოლოს აუცილებლად იქნება მიღებული ორწლიანი სამოქმედო გეგმა, სადაც კონკრეტულად იქნება გაწერილი ის ვალდებულებები, რომელსაც თბილისის მერია აღნიშნულ პროცესში აიღებს. არ არის გამორიცხული, ძველი – 2017 წლის სამოქმედო გეგმიდან რამდენიმე ვალდებულება ახალ გეგმაში იქნას გადმოტანილი”, – აღნიშნა გიორგი კიკნაძემ.

თბილისის მერიაში რამდენიმე დღის წინ, დედაქალაქის მერიის „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) განახლებული სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე თბილისის ღია მმართველობის 2018-2020 წლის სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, ჯგუფის საქმიანობის განრიგი განიხილეს.

OGP-ს სამუშაო ჯგუფის ფუნქციას თბილისის ღია მმართველობის 2018-2020 წლის სამოქმედო გეგმის მომზადების, მისი შესრულების ხელშეწყობისა და მონიტორინგის განხორციელება წარმოადგენს.

რამდენიმე დღის წინ სწორედ droa.ge წერდა, რომ თბილისის მერიამ “ღია მმართველობის პარტნიორობის” ფარგლებში აღებული ხუთი ვალდებულებიდან მხოლოდ ერთი შეასრულა. გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციები მერიასთან გართულებულ კომუნიკაციაზეც საუბრობენ და იმედს გამოთქვამენ, რომ არსებული პრობლემა მოგვარდება მერია მომდევნო სამოქმედო გეგმით აღებულ ვალდებულებებს მაინც შეასრულებს.