რა წერია ახალ სამთავრობო პროგრამაში თვითმმართველობის გაძლიერებასა და რეგიონულ განვითარებაზე?

1035

წინა სტატია

როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტმა მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა – “თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა” დაამტკიცა.

პროგრამა, რომლითაც 2018-2020 წლებში მთავრობამ უნდა იმუშაოს, თვითმმართველობის, რეგიონული განვითარებისა და დეცენტრალიზაციის საკითხებსაც მოიცავს.

წარმოგიდგენთ, თუ კონკრეტულად რა ორწლიანი ვალდებულება აიღო ახალმა სამთავრობო გუნდმა ამ მიმართულებით:

რეგიონული ეკონომიკური პოლიტიკა

“საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია ქვეყნის რეგიონების განვითარება, მათ შორის, უთანასწორობის აღმოფხვრა, ადგილობრივ დონეზე ხარისხიანი მომსახურების მიწოდების ეფექტიანი და ინოვაციური სისტემების დანერგვა, რეგიონების როლის ზრდა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. საქართველოს მთავრობას აქვს რეგიონული განვითარების სტრატეგიული ხედვა, რომელიც ეფუძნება ევროკავშირის რეგიონების ეკონომიკური და სოციალური განვითარების გათანაბრების პოლიტიკის
მიდგომებს. ეს გულისხმობს ინტეგრირებულ, დარგთაშორის და ტერიტორიაზე მორგებულ დაგეგმვას და შესაბამისი პოლიტიკის განხორციელებას.

თვითმმართველობის სისტემის კიდევ უფრო გაძლიერებისა და დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდის მიზნით, შემუშავდება დეცენტრალიზაციის ახალი, 2018-2025 წლების სტრატეგიის დოკუმენტი. რეფორმის მთავარი მიზანია, სუბსიდიარობის პრინციპებზე დაყრდნობით, თვითმმართველობის უფლებამოსილებათა გაზრდა, ადგილობრივ დონეზე ხარისხიანი მომსახურების მიწოდების ეფექტიანი და ინოვაციური სისტემების დანერგვა, თვითმმართველობის როლის გაზრდა ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებაში და თვითმმართველობის უზრუნველყოფა შესაბამისი მატერიალური და ფინანსური რესურსებით.

უზრუნველყოფილი იქნება რეგიონული განვითარების დაგეგმვის პროცესში ახალი მიდგომების გამოყენება, რომელიც უზრუნველყოფს რეგიონში დარგთაშორისი კომპლექსური კავშირების განვითარებასა და ადგილობრივ პირობებთან მაქსიმალურად მორგებული ეკონომიკური მოდელის შემუშავებას”.

მცირე მთავრობა

დეცენტრალიზაციის პროცესის პარალელურად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტრუქტურათა
ოპტიმიზაცია მუნიციპალიტეტების დონეზე და მთავრობა უზრუნველყოფს შესაბამისი წინადადებების
მომზადებას.

უწყებების ოპტიმიზაციასთან ერთად, მაქსიმალურად შეიზღუდება ბიუროკრატიაზე გაწეული ხარჯებიც. ფისკალურ მაჩვენებლებში მმართველობითი ხარჯები რეალურ გამოხატულებაში კლებად ტრენდს შეინარჩუნებს, მათ შორის, შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით 3,9%-ის ფარგლებში იქნება.

დაინერგება თანამედროვე მიდგომები საჯარო უწყებების შიდა ადმინისტრირების მიმართულებით. მნიშვნელოვნად შეიზღუდება სახელმწიფო ავტოპარკი პერსონალური ავტომანქანების საგრძნობი შემცირების ხარჯზე. ხელისუფლება განახორციელებს ქმედით და სამართლიან პოლიტიკას, რათა უზრუნველყოს საჯარო
მმართველობისა და პოლიტიკის სისტემის შემდგომი გაძლიერება და გამოწვევებზე ორიენტირებული
მოქნილი და ეფექტიანი საჯარო მმართველობის ჩამოყალიბება. უზრუნველყოფილი იქნება უწყვეტი
პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.

გაძლიერდება ადგილობრივი თვითმმართველობა. მცირე, მოქნილი და ეფექტიანი მუნიციპალური მმართველობის ჩამოყალიბებასთან ერთად, გაიზრდება მუნიციპალიტეტების უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა ფისკალური დეცენტრალიზაციის გზით.

მუნიციპალიტეტების გაზრდილი უფლებამოსილებისა და პასუხისმგებლობის შესაბამისი ფინანსური რესურსით უზრუნველსაყოფად, ეტაპობრივად გაიზრდება ადგილობრივი ბიუჯეტების შემოსავლების ხვედრითი წილი ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლებში.

შემუშავდება ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის, მათ
შორის, ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობის უზრუნველყოფის მექანიზმები.

ახალგაზრდული საქმიანობის ხელშეწყობა

ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობით, გაუმჯობესდება ახალგაზრდული პოლიტიკის განსაზღვრისა და შესაბამისი ახალგაზრდული სერვისების შექმნის პროცესი. გაგრძელდება ახალგაზრდული სამოქმედო გეგმების შემუშავება და ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდების მონაწილეობის მექანიზმებისა და მოდელების დანერგვა.

აღსანიშნავია, რომ, ფაქტობრივად, იგივე ჩანაწერები გვხვდება წინა სამთავრობო პროგრამაშიც, რომელსაც იგივე სათაური და იგივე ვადები ჰქონდა და რომელიც 2017 წლის დეკემბერში, კვირიკაშვილის მთავრობასთან ერთად, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა.