ცქიტიშვილმა განმარტა, თუ რატომ გადაიწია რიკოთისა და სხვა რამდენიმე გზის მშენებლობის დასრულების ვადებმა

1600

“კვირიკაშვილს წინა პროგრამაში ეწერა, რომ 2020 წლამდე დაიგება 800 კმ-ზე მეტი სიგრძის 3,5 მილიარდი დოლარის ღირებულების საგზაო ინფრასტრუქტურა. ახალ პროგრამაში ყველაფერი გადმოტანილია ამ წინადადების გარდა, რატომ წაშალეთ, არ გაქვთ იმედი, რომ ამ სიგრძის გზას დააგებთ?” – ჰკითხა დეპუტატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატს მაია ცქიტიშვილს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, რომელზეც მთავრობის ახალი შემადგენლობა უნდა დაამტკიცონ.

ზურაბ ჭიაბერაშვილის ამ შეკითხვის პასუხად ცქიტიშვილმა ვადების ცვლილების მიზეზები ახსნა.

“სამი კვირის წინ ვიყავით აქ. მაშინაც ვთქვი და დღესაც ვადასტურებ, რომ ჩვენ ავაშენებთ ამ გზებს. რაც შეეხება იმას, თუ რატომ ამოვიღეთ ამ პროგრამიდან – იმიტომ, რომ გაგვიჭირდება 2020 წლამდე მოსწრება, რასაც შესაბამისი ახსნა აქვს. ამაზე უკვე არაერთხელ ვისაუბრე, მაგრამ კიდევ მოგახსენებთ – გზების ნაწილის დაგეგმარება იყო ოპტიმისტური, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ობიექტური მიზეზით ხდება ვადების გადაწევა. მაგალითად, ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე, რომელზეც ტენდერი უკვე გამოვაცხადეთ, 5 კმ-იანი გვირაბის ნაცვლად, კეთდება 9 კმ-იანი გვირაბი. შესაბამისად, მისი დასრულების ვადა ვერაფრით ვეღარ იქნება 2020 წელი და გადაიწევს. რაც შეეხება რიკოთის მონაკვეთებს, 2 მონაკვეთზე უკვე გამოცხადებულია ტენდერი და მათი დასრულება, ნაცვლად 2020-სა, იგეგმება 2022 წელს”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.