ცქიტიშვილი: კორუფციის რისკების დაზღვევაში ტექნიკური საბჭო დაგვეხმარება

კორუფციის რისკების დაზღვევაში ტექნიკური საბჭო დაგვეხმარება, – ასე უპასუხა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილმა მაია ცქიტიშვილმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატ გიგა ბოკერიას, რომელმაც უწყებაში კორუფციის რისკებსა და საჯარო სექტორიდან თანამდებობის პირების კერძო კომპანიებში გადასვლის პრაქტიკასთან დაკავშირებით დასვა შეკითხვა.

“ეს პრაქტიკა, ჩემი აზრით, ყველაზე ნაკლები პრობლემაა. მე უფრო ის რისკები მაინტერესებს, რომლებიც დასაცავი და გამოსაკვლევია, უფრო სწორად, რომლის შეზღუდვა და აღმოფხვრაცაა საჭირო. ალბათ, უფრო საინტერესოა. რატომ ხდებოდა საპროექტო გადაწყვეტილებების შეცვლა. ჩვენი მიზანია, გავარკვიოთ, ხომ არ აისახება კონკრეტული ცვლილება ხარისხსა და ფასზე, ვინაიდან, თუ ფასი მცირდება, ეს მოგება სახელმწიფომ უნდა მიიღოს და არა – კონტრაქტორმა. არის სხვა მსგავსი პროცესები, სადაც, დამეთანხმებით, არის კორუფციული რისკები. ასევე, არსებობს ე.წ. „variation order”-ები უცხოურ კონტრაქტებში. სახელმწიფო შესყიდვის კონტრაქტებში ფასის ვარირება ათი პროცენტით არის შეზღუდული და ამიტომ აქ რისკები ნაკლებია, დონორების მიერ დაფინანსებულ პროექტებში კი ეს რისკები მეტია. ჩვენი ახალი მიდგომით, ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს მივიღებთ მხოლოდ რეალური საჭიროების შემთხვევებში. ჩემ მიერ არაერთხელ ნახსენები ტექნიკური საბჭო, უცხოელი ექსპერტების ჩართულობით, იქნება ჩვენი დამცავი მექანიზმი იმისათვის, რომ ეს პროცესები ობიექტურად წარიმართოს”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

მსგავსი სიახლეები