მაია ცქიტიშვილი: კახეთში, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში იგეგმება კვლევის ჩატარება და განვითარებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის დაგეგმვა

1140

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილმა მაია ცქიტიშვილმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

რეგიონებში კლასტერული განვითარების კვლევის შესახებ დეპუტატ ლევან კობერიძის შეკითხვას მაია ცქიტიშვილმა კონკრეტული მაგალითებით უპასუხა.

„აზიის განვითარების ბანკთან ერთად და მათი მხარდაჭერით გვაქვს საკმაოდ საინტერესო პროექტი, სადაც გამოყოფილია 3 კლასტერი. პირველი: კახეთში – თელავი-ახმეტის ; მეორე სამეგრელოში – ზუგდიდი-მარტვილისა და მესამე – ზუგდიდი-მესტია-უშგულის. ამ კლასტერებში იგეგმება როგორც კვლევის ჩატარება, ასევე მათი განვითარებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის დაგეგმვა. შესაბამისად, ეს არის ის არეალები, სადაც შეიძლება ეს გავაკეთოთ და ასევე, გერმანიის განვითარების ბანკთან ერთად, ევროკავშირის დახმარებით, გვაქვს გეგმა ყაზბეგის განვითარების ასეთივე გეგმა შევიმუშაოთ“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მაია ცქიტიშვილმა დეპუტატებს თვითმმართველობის გასაძლიერებლად სამომავლო გეგმებიც გააცნო.ასევე განაცხადა, რომ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში ცვლილებები იგეგმება.მან აგრეთვე განაცხადა,რომ საჯარო სამსახურში სწავლების სისტემის დანერგვასთან დაკავშირებული ყველა წესი რეგიონებსაც უნდა მოერგოს. ცქიტიშვილმა ისიც თქვა, რომ სივრცითი დაგეგმარების პროცესის ეფექტურობისთვის საკონსულტაციო საბჭო შეიქმნება.

შეგახსენებთ, რომ 30 მარტს მაშინდელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მაია ცქიტიშვილი, ზურაბ ალავიძის ნაცვლად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად დაინიშნა. თუმცა მას შემდეგ, რაც ახალმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მცირე მთავრობა წარადგინა, მინისტრთა კაბინეტი პარლამენტმა ხელახლა უნდა დაამტკიცოს.