კახეთში მეფუტკრეებისთვის უფასო სწავლების კურსი ჩატარდება

932

ჩეხური ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ” (People In Need – PIN) პროექტის „მეფუტკრეობის მდგრადი განვითარება საქართველოში” ფარგლებში კახეთში მეფუტკრეებისთვის უფასო სწავლების კურსს ჩაატარებს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

პროექტის მიზანია ქვეყანაში მეფუტკრეობის პროდუქციის ხარისხისა და პროდუქტიულობის ზრდის ხელშეწყობა წარმოებისა და გადამუშავებაში მოწინავე პრაქტიკის და ეფექტური მეთოდების დანერგვის გზით, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს ხარისხიანი მეფუტკრეობის პროდუქციის მოცულობისა და ღირებულების ზრდას. პროექტის განხორციელება საქართველოში 2008 წლიდან დაიწყო.

ჩეხურ ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პროექტის ფარგლებში დაინტერესებული მცირე და საშუალო მეფუტკრეები მიიღებენ მონაწილეობას საინფორმაციო შეხვედრებში, სადაც დეტალურად მიაწვდიან ინფორმაციას აღნიშნული პროექტის შესახებ. ორგანიზაციის ცნობით, შეხვედრის მონაწილეები შეავსებენ მარტივ სარეგისტრაციო ფორმას, რომლის მიხედვითაც შეირჩევიან კურსის მსმენელები.

„პროექტი მცირე და საშუალო ზომის, 10-დან 160 სკის მფლობელ მეფუტკრეებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას გაიარონ უფასო თეორიული და პრაქტიკული სასწავლო კურსი (7 სალექციო დღე), რეგიონებში მოღვაწე მოწინავე მეფუტკრეების საწარმოებში, მსოფლიოში აღიარებული სპეციალისტების მიერ შედგენილი მეფუტკრეობის სახელმძღვანელოს მიხედვით. სასწავლო კურსის წარმატებით დამთავრების შემდეგ მათ შეუძლიათ, მონაწილეობა მიიღონ საგრანტო კონკურსში, რომელიც გამოცხადდება მიმდინარე წლის ბოლოს. დაინტერესებულ მცირე და საშუალო მეფუტკრეების ვიწვევთ საინფორმაციო შეხვედრებზე, რომლებიც კახეთის ხუთ მუნიციპალიტეტშია დაგეგმილი. საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება 17 ივლისს, 12:00-14:00 საათზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დარბაზში, 18 ივლისს, 11:00-13:00 სთ-ზე, თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს შენობაში, 18 ივლისს, 15:00-17:00 სთ-ზე, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, 19 ივლისს, 11:00-13:00 სთ-ზე, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიაში და 19 ივლისს, 15:00-17:00 სთ-ზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის შეხვედრების დარბაზში’’,- განაცხადეს ჩეხურ ორგანიზაციაში.

ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ” (People In Need – PIN) ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე დიდი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელმაც ბოლო 25 წლის მანძილზე 37 ქვეყანაში განახორციელა სხვადასხვა სახის პროექტი. PIN საქართველოში 2006 წლიდან მუშაობს და მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობას, ასევე ადამიანის უფლებების დაცვასა და დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებას.