ახალციხის მერი ვეტერანებზე: “ვიდრე თავშესაფარი არ ექნებათ, არ გამოვასახლებთ”

697

წინა სტატია

ახალციხის მერიაში აცხადებენ, რომ ვეტერანებს სადავო შენობას იქამდე არ დაატოვებინებენ, ვიდრე თავშესაფარს არ ნახავენ. „სამცხე–ჯავახეთის რეგიონული განვითარების სააგენტო“ კი როგორც მესამე პირი ამბობს, რომ თუ მერია ვეტერანებს შენობას არ დააცლევინებს, მაშინ მერიას ამისთვის სასამართლოში უჩივლებს. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

„თუ შენობა არ უნდა დააცლევინოს მერიამ ვეტერანებს, მაშინ სასამართლოში რაღატო იჩივლა?! ეს შენობა სააგენტოს უზურფრუქტის წესით აქვს მერიიდან გადაცემული იმ ვალდებულებით, რომ აქ საჯარო მოხელეთა გადამზადების ცენტრი უნდა გაკეთდეს. რემონტი უნდა დაიწყოს და თუ შენობას დროულად არ დაგვიცლიან, მაშინ ჩვენ, როგორც საქმეში მესამე პირები მერიას სასამართლოში ვუჩივლებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში აღებულ ვალდებულებას ვერ შევასრულებთ“, – ამბობს „სამცხე–ჯავახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს“ ადვოკატი ეკა აბაშიძე.

ახალციხის მერიამ ვეტერანებს, მიმდინარე წლის 23 თებერვლას, ანუ მას შემდეგ რაც მეორე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა ცნობილი, საცხოვრებლად სამი ალტერნატიული ფართი შესთავაზა, თუმცა ვეტერანებმა მაშინვე განაცხადეს, რომ შესაძლოა, მერის შეთავაზება არ მიიღონ, რადგან სამივე ფართი ქალაქიდან მოშორებითაა.

ამ შეხვედრიდან დღემდე, ვეტერანებს ალტერნატიულ ფართებთან დაკავშირებით ახალციხის მერიასთან კომუნიკაცია აღარ ჰქონიათ.

ვეტერანების საქმემ სასამართლოს სამივე ინსტანცია გაიარა. საბოლოო გადაწყვეტილებით მათ უკანონოდ დაკავებული შენობა უნდა დატოვონ.