რა დაუჯდა ბიუჯეტს ქუთაისში სოციალური საცხოვრისის აშენება

სტატია მოამზადა “ქუთაისიპოსტმა”

 

ქუთაისის მერიამ, ნიკეას ქუჩაზე მდებარე სოციალურ საცხოვრისში ფართების შესაძენად იმაზე გაცილებით დიდი თანხა დახარჯა, ვიდრე ეს საჯაროდ იყო ცნობილი. “ქუთაისიპოსტის” მოკვლევით ირკვევა, რომ მერიამ 1 კვ.მ ფართის შეძენაში ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულ საბაზრო ფასზე თითქმის 2-ჯერ მეტი გადაიხადა, სხვაობა კი ჯამში 2 მილიონამდე  ლარს შეადგენს.

დამალული ხელშეკრულება და რეალური ხარჯები

ქუთაისის სოციალური საცხოვრისის მშენებელი კომპანია “სანოსთვის” მერიის მიერ გამოსყიდული ბინების  სანაცვლოდ გადახდილ თანხად თავიდანვე 2 500 000 ლარი დასახელდა,  თუმცა, არაფერი თქმულა კომპანიასთან 5 თვიან შუალედში გაფორმებულ მეორე  ხელშეკრულებაზე, რომელმაც პირველ ხელშეკრულებასთან ერთად ჯამში  4 372 000 ლარი შეადგინა.

როგორც ირკვევა, მერიამ კომპანიას 4 მილიონ ლარამდე უკვე გადაუხადა, 522 000 ლარს კი “სანო” ამ დრომდე ელოდება. ქუთაისის მერიამ აღნიშნული ხელშეკრულებების ასლები არ მოგვაწოდა, მიზეზად განმარტა, რომ დოკუმენტები ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ არის ამოღებული. თუმცა, “ქუთაისიპოსტმა” ორივე დოკუმენტი მოიპოვა, რომელშიც საუბარია როგორც სახელშეკრულებო თანხის რაოდენობაზე, ასევე, მისი გადახდის პირობებზე.

სოციალურ საცხოვრისში 47 გარემონტებული ბინის შესაძენად ქუთაისის მერიამ შპს “სანოსთან” პირველი ხელშეკრულება 2017 წლის 21 აპრილს გააფორმა, რომლითაც კომპანიას ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 500 000 ლარი გადაეცა. აქედან 1 000 000 ლარი კომპანიამ წინსწრებით მიიღო, ხოლო დანარჩენი თანხა, გარემონტებული ოთახების ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში გადაფორმების შემდეგ.

მეორე ხელშეკრულება, რომლის შესახებაც არაფერი თქმულა, მერიამ 5 თვეში გააფორმა. 2017 წლის 8 სექტემბრით დათარიღებული ხელშეკრულებით მერიამ დამატებით  36  ბინა შეიძინა და  კომპანიისთვის კიდევ 1 872 000 ლარის გადახდის ვალდებულება აიღო. ჯამში, ორივე ხელშეკრულებით მერიამ 83 ბინა შეისყიდა.

თანხის გადახდა ეტაპობრივად მოხდა. ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისთანავე “სანომ” ნახევარი მილიონი ლარი მიიღო, ოქტომბრის ბოლოს – 850 000 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა მერიას მიმდინარე წლის 1 მარტამდე უნდა დაეფარა, რასაც კომპანია ამ დრომდე ელოდება. ქუთაისის მერიაში ამბობდნენ, რომ ის ხარვეზები, რაც საცხოვრისში გამოვლინდა, კომპანიამ სწორედ ამ თანხის ფარგლებში უნდა გამოასწოროს. თუმცა, როგორც ირკვევა, ეს არა საგარანტიო თანხა, არამედ, “სანოს” წინაშე არსებული ვალია.

გამოდის, რომ ბიუჯეტს სოციალური საცხოვრისის მოწყობა 4 მილიონ ლარამდე უკვე დაუჯდა.  მაშინ როდესაც, საცხოვრისის გახსნის დღიდან შენობაში სამჯერ ჩამოინგრა ჭერი, ბენეფიციარები კი საშიშ საცხოვრებელ პირობებზე საუბრობენ და ალტენატიულ ფართში გადაყვანას ითხოვენ.

პირველი ხელშეკრულებით,  47 ბინის სანაცვლოდ “სანოს”  2 500 000 ლარი გადაეცა

მეორე ხელშეკრულებით “სანოს” 36 ბინისთვის 1 872 000 ლარი უნდა მიეღო

ქუთაისის მერია, “სანოსთვის” ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე შეუფერხებლად იხდიდა. ახალი მერისა და მისი გუნდის მოსვლის შემდეგ კი კომპანიას დარჩენილი თანხის ანაზღაურებაზე უარი უთხრეს. შენობაში ექსპერტიზა დანიშნეს და “სანოსთან” გაფორმებული დოკუმენტები საგამოძიებო უწყებებს გადაუგზავნეს.

შპს “სანოს” დირექტორი, ლევან ჭანტურიძე ფიქრობს, რომ ხელისუფლება აღნიშნული თანხის გადახდას არ აპირებს და კუთვნილი თანხის ამოღებას სამართლებრივი გზით ცდილობს. კომპანიამ ქუთაისის მერიას სასამართლოში უკვე უჩივლა.

“თავიდან არაფერს ამბობდნენ, რატომ არ გვიხდიდნენ ამ თანხას, მერე სამხარაულის ესპერტიზა ჩაატარეს, რომელიც ჩემი აზრით 99% აბსურდია. დასაშვებია, ეს იმიტომ მოხდა, რომ არ აენაზღაურებიათ ეს თანხა. ამიტომ მივყვებით სამართლებრივად”,- ამბობს ლევან ჭანტურიძე.

ქუთაისის მერიაში არ უარყოფენ, რომ ბიუჯეტს “სანოს” წინაშე ნახევარმილიონიანი დავალიანება აქვს და არც იმას მალავენ, რომ შენობაში ჩატარებული  ექსპერტიზა იმის წინაპირობა იყო, კომპანიას დარჩენილი თანხა ვეღარ მიეღო.

“ხელშეკრულების მიხედვით, “სანოს” ჩვენგან ეკუთვნის ეს თანხა, თუმცა, როგორც კი შენობაში წარმოიშვა პრობლემა, ჩვენ შევაჩერეთ გადახდა და ვუთხარით მათ, რომ ის არ შეეფერება საცხოვრებელ პირობებს. ამის შემდეგ მოვითხოვეთ ექსპერტიზა, რომელიც ამბობს, რომ შენობა მთლიანად არის გადასაკეთებელი, რაშიც “სანო” არ დაგვეთანხმა და მიმართა სასამართლოს”,-ამბობს ქუთაისის მერის მოადგილე, იუზა უგულავა.

მერის მოადგილე არ საუბრობს იმაზე, შესაძლებელი იყო თუ არა, მერიას უფრო ნაკლები გადაეხადა ფართების შეძენაში. იუზა უგულავა ამბობს, რომ ყველა შეკითხვაზე პასუხს სამხარულის ექსპერტიზის დასკვნა სცემს.

“ქუთაისიპოსტი” დაინტერესდა, დაახლოებით რა დაუჯდებოდა მერიას ბინების შეძენა, თუ 1 კვ.მ ფართში ექსპერტიზის მიერ დადგენილ ფასს გადაიხდიდა.

დასკვნის მიხედვით, ფაქტიური აზომვით დადგინდა, რომ “სანომ” ქუთაისის მერიას ჯამში 4288 კვ.მ ფართი გადასცა და არა 4658 როგორც ეს მიღება-ჩაბარების აქტშია მითითებული. დასკვნაშივე მითითებულია, რომ 1 კვ.მ-ის საბაზრო ღირებულება  540 ლარია. მარტივი დაანგარიშებით გამოდის, რომ ამ ფასის მიხედვით, მერიას 83 ბინის შეძენა 2 315 520 ლარი დაუჯდებოდა, რისთვისაც სავსებით საკმარისი იქნებოდა მერიის მიერ პირველად გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა.

ჩვენ ისიც გამოვთვალეთ, სამხარულის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, დაახლოებით რამდენი ლარით მეტი გადაიხადა მერიამ სინამდვილეში და რა თანხის დაზოგვა შეეძლო.

სოციალური საცხოვრისის მოსაწყობად შექმნილი კომისიის ყოფილი თავმჯდომარე და ყოფილი ვიცე-მერი,  კოტე ქავთარაძე, რომელიც სამხარაულის დასკვნას ვრცელი წერილით გამოეხმაურა, წერს, რომ ფასი, რომელიც მერიამ 1 კვ.მ -ში გადაიხადა, შპს “გრანთ თორთონმა” დაადგინა და ეს  429 დოლარი იყო, თუმცა, მოლაპარაკების შედეგად “სანო” 1 კვ.მ-ის 1000 ლარად გაყიდვას დასთანხმდა.

ჩვენ ეს ფასი ექსპერტიზის მიერ დათვლილ ფართზე (4288 კვ.მ)  გადავამრავლეთ, რამაც ჯამში 4 288 000 ლარი შეადგინა, ხოლო, თუ მიღება-ჩაბარების აქტში მითითებულ ფართზე  (4658 კვ.მ) გადავამრავლებთ, მერიას უფრო მეტი გამოსდის დახარჯული და ეს ციფრი 4 658 000 ლარს აღწევს.

შესაბამისად,  გამოდის, რომ თუ მერია 1 კვ.მ ფართში სამხარაულის ექსპერტიზის მიერ დადგენილ ფასს გადაიხდიდა, ბიუჯეტს საცხოვრისში ბინების შეძენა 2 315 520 ლარი დაუჯდებოდა, შპს “გრანთ თორთონის” მიერ დადგენილი ფასით კი ქალაქმა ორჯერ მეტი გადაიხადა.

დაიხარჯა თუ არა ქალაქის ბიუჯეტიდან არამიზნობრივად ფული  ბინების შესაძენად, ამას ახლა საგამოძიებო უწყებები სწავლობენ. მერიასა და “სანოს” შორის გაფორმებული ხელშეკრულებები უკვე ამოიღო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ და დოკუმენტებს ექსპერტიზა უტარდება.

მსგავსი სიახლეები