თბილისის მერიამ “ღია მმართველობის პარტნიორობის” ფარგლებში აღებული ვალდებულებები ვერ შეასრულა

1168

წინა სტატია

“ღია მმართველობის პარტნიორობის” (OGP) ფარგლებში საქართველოს ყველაზე დიდმა თვითმმართველმა ერთეულმა – თბილისმა 2017 წლის სამოქმედო გეგმით აღებული ხუთი ვალდებულებიდან მხოლოდ ერთი და ისიც – ნაწილობრივ შეასრულა.

ვალდებულებები, რომელიც წინა მერის, ნარმანიას დროს იყო აღებული და დედაქალაქის მთავრობის საქმიანობის მეტ გამჭვირვალობას და ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას ისახავდა მიზნად, ერთი წლის განმავლობაში უნდა შესრულებულიყო, თუმცა, აღმოჩნდა, რომ არა მხოლოდ ეს ვალდებულებები ვერ შესრულდა, არამედ 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ, OGP-ის ამერიკულ ოფისსაც და ქართველ პარტნიორებსაც მერიის ახალ ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია საგრძნობლად გაურთულდათ, მიუხედავად იმისა, რომ ახალმა მერმა, ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, ხელი მოაწერა “ღია მმართველობის პარტნიორობის” დეკლარაციას, რომლითაც ის იღებდა ვალდებულებას, ბოლომდე შეესრულებინა “ღია მმართველობის პარტნიორობის” (OGP) მიმდინარე პროგრამით გათვალისწინებული სამოქმედო გეგმა და მომავალშიც განეხორციელებინა მნიშვნელოვანი რეფორმები მმართველობის გამჭვირვალობისა და ღიაობის უზრუნველსაყოფად.

OGP-იმ საპილოტე პროგრამა ადგილობრივი ხელისუფლებების დონეზე 2016 წელს დაიწყო. სწორედ ამ წლიდან თბილისი ამ პროგრამაში იმ 15 ქალაქსა და რეგიონს შორის მოხვდა, რომელიც  მსოფლიოს 45 მონაწილე კანდიდატიდან შეირჩა. საპილოტე პროგრამაში მონაწილეობა კი იმას ნიშნავდა, რომ თბილისის მერია, სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობით, თავის საქმიანობას კიდევ უფრო მეტად ღიას და გამჭვირვალეს გახდიდა და გაზრდიდა მოქალაქეთა ჩართულობას ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტაში.

OGP-ის პროგრამაში ჩართვიდან მალევე დედაქალაქის მერიამ 2017 წლის სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და შემდგომში მის იმპლემენტაციაზე, არასამთავრობო სექტორთან ერთად, ბევრი იშრომა. ფაქტობრივად, ხუთივე მიმართულებით შესაბამისი ინსტრუმენტებიც შექმნა, თუმცა, საბოლოოდ, ეს ვალდებულებები მაინც ვერ შეასრულა.

რა ვალდებულებები უნდა შეესრულებინა თბილისის მერიას 2017 წელს? 

როგორც 2017 წლის სამოქმედო გეგმით ირკვევა, პირველი ვალდებულებით, უნდა შექმნილიყო ღია მმართველობისა და სამოქალაქო ჩართულობის მრავალპროფილური მექანიზმი – საინფორმაციო და სამოქალაქო აქტივობის პორტალი – “SMART MAP”.

პორტალის მეშვეობით, თბილისელები მიიღებდნენ ინფორმაციას მათი საცხოვრებელი გარემოსა და, ზოგადად, ქალაქში დაგეგმილი და მიმდინარე სამშენებლო, ხის ჭრის, დიდი ინფრასტრუქტურული პროექტებისა თუ თბილისის კუთვნილი საინვესტიციო ობიექტების შესახებ.

მოქალაქეებთან ეფექტური დიალოგის სისტემის შესაქმნელად და ჩართულობის უზრუნველსაყოფად, ასევე, ქალაქის პრობლემებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირებისათვის, თბილისელებს შესაძლებლობა ექნებოდათ, ამავე პორტალის მეშვეობით, საჯაროდ დაეფიქსირებინათ ქალაქში არსებული ესა თუ ის პრობლემა, წარემართათ მსჯელობა დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით, წამოეყენებინათ ქალაქისთვის სასარგებლო იდეები. პორტალის ამოქმედების შემდეგ მერია იღებდა ვალდებულებას, თითოეულ პრობლემასა და საკითხზე მოეხდინა მყისიერი რეაგირება, გაეზიარებინა მოქალაქეთა შენიშვნები და ამის შესაბამისად დაეგეგმა როგორც მოკლე, ისე გრძელვადიანი ქმედებები.

როგორც droa.ge-სთვის არის ცნობილი, ამგვარი ელექტრონული რესურსი მერიამ ჯერ კიდევ 2017 წლის ბოლოსთვის შექმნა, სატესტო რეჟიმშიც გაუშვა, თუმცა, შემდეგ მისი ამოქმედება აღარ მომხდარა. შესაბამისად, მერიას ეს ვალდებულება შეუსრულებელი დარჩა.

მეორე ვალდებულება, რაც დედაქალაქის მერიამ სამოქმედო გეგმით აიღო, მერიის სისტემაში ელექტრონული პეტიციის დანერგვა იყო.

ამისათვის შეიქმნებოდა სპეციალური აპლიკაცია – “პეტიცია თბილისის მერს”. მისი გამოწერა შესაძლებელი იქნებოდა როგორც smart map-იდან, ისე ცალკე გრაფიდანაც. აპლიკაცია პორტალზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს საშუალებას მისცემდა, მათთვის მნიშვნელოვან საკითხზე შექმნათ პეტიცია და მოიწვიათ სხვა პირები მის ხელმოსაწერად. სამართლებრივად უნდა გაწერილიყო პეტიციისთვის საჭირო ხელმომწერების რაოდენობასთან დაკავშირებული პირობები. ამ რაოდენობის ხელმოწერების შეგროვების შემთხვევაში კი, მერია იღებდა პეტიციის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებას.

სწორედ ამ ვალდებულებას თვლის მერია შესრულებულად, არასამთავრობო სექტორი კი – ნაწილობრივ შესრულებულად. როგორც გახსოვთ, 2018 წლის თებერვალში ამოქმედდა ახალი ვებპორტალი – “შენი იდეა ქალაქის მერს”, რომელიც თბილისელებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი იდეები და წინადადებები წარუდგინონ დედაქალაქის მერს. ვებგვერდზე მოქალაქეები მართლაც აქტიურობენ, თუმცა, რეალურად, ეს არ არის პეტიციის წარდგენა, რომელსაც “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” მოქალაქეთა მონაწილეობის ერთ-ერთ ფორმად განსაზღვრავს, ვინაიდან პეტიცია, თავისი არსით, არ არის მხოლოდ იდეების წარდგენის შესაძლებლობა.

მესამე ვალდებულება, რომელიც მერიამ აიღო, მონაწილეობითი ბიუჯეტის დანერგვა იყო.

ეს იმას ნიშნავს, რომ იმავე პორტალის მეშვეობით, რომელიც უნდა შექმნილიყო, მოქალაქეებს შეეძლებოდათ, მერიის მიერ წარდგენილ პრიორიტეტებზე ხმის მიცემით, მომდევნო წლის ბიუჯეტის დაგეგმვაში მიეღოთ მონაწილეობა. ხმის მიცემის პროცესის პარალელურად, მერიის სამსახურები და გამგეობები უზრუნველყოფდნენ მოსახლეობასთან შეხვედრებსა და ხმის მიცემის პროცესის ხელშეწყობას.

პროგრამა ცალკეული პირების მიერ მონიშნული პრიორიტეტებიდან ავტომატურად გამოიყვანდა საშუალო შეწონილ შედეგს. ეს შედეგი მერიისთვის განსახილველად სავალდებულო იქნებოდა ბიუჯეტის შედგენისა და დამტკიცების ნებისმიერ ეტაპზე. ამავე პორტალზე გამოქვეყნდებოდა საბოლოოდ დამტკიცებული ბიუჯეტისა და საზოგადოების მიერ შედგენილი ბიუჯეტის შედარება, დასაბუთდებოდა განსხვავებების მიზეზები. ყველა ზემოხსენებულ ეტაპზე იარსებებდა კომენტარების დატოვების, დისკუსიისა და უშუალოდ მერიისთვის შენიშვნების მოწოდების გრაფები.

როგორც საბოლოოდ აღმოჩნდა, მერიამ ვერც ეს ვალდებულება შეასრულა და თბილისის საკრებულომ 2018 წლის ბიუჯეტს კენჭი ისე უყარა, რომ მოქალაქეებს მის დაგეგმვაში მონაწილეობა კვლავ არ მიუღიათ.

მერიის მიერ აღებული მეოთხე ვალდებულება ბიუჯეტის ხარჯვის ინტერაქტიული ხელმისაწვდომობისა და სამოქალაქო კონტროლის მექანიზმების დანერგვა იყო.

უნდა შექმნილიყო საჯარო ელექტრონული ფორმატი, რომლითაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, პროგრამების მიხედვით, დედაქალაქის ბიუჯეტის ხარჯვის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შეეძლებოდა. გარდა ამისა, შეიქმნებოდა სამოქალაქო მონიტორთა ჯგუფები, რომლებსაც ბიუჯეტის ხარჯვის მონიტორინგის წარმოება შეეძლებოდათ.

საბოლოოდ, დედაქალაქის მერიისთვის ამ ვალდებულების შესრულებაც რთული აღმოჩნდა და ის ამ დრომდე არ შესრულებულა.

მეხუთე და ბოლო ვალდებულება, რომელიც თბილისის მერიამ 2017 წლისთვის აიღო, სერვისების სამოქალაქო კონტროლისა და ხელმისაწვდომობის მექანიზმების დანერგვა იყო.

ბიუჯეტის ხარჯვის სამოქალაქო კონტროლის მექანიზმის ანალოგიურად, უნდა შექმნილიყო მერიის სისტემაში არსებულ სერვისებზე სამოქალაქო კონტროლის მექანიზმი, რომელიც პროცედურულად, სამართლებრივად და ტექნიკურად ინტეგრირებული იქნებოდა “ღია მმართველობის პარტნიორობის” ფარგლებში აღებული დანარჩენი ვალდებულებების ფორმატთან. ვალდებულება გულისხმობდა სამოქალაქო მონიტორთა ჯგუფებისათვის მერიის სერვისებზე გარკვეული ტიპის კონტროლის უფლებების მინიჭებას.

გარდა ამისა, უნდა შექმნილიყო ინტეგრირებული ვებაპლიკაცია, რომლითაც ონლაინ ხელმისაწვდომი გახდებოდა მერიის სისტემის ფარგლებში არსებული ყველაზე მოთხოვნადი სერვისები. პირველ ეტაპზე, 2017 წლისათვის, უნდა მომხდარიყო ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურების მიერ გასაწევი 11 სახეობის მომსახურების ვებაპლიკაციაში სრულად განთავსება, რაც მოქალაქეებს, ერთი ფანჯრის პრინციპით, მერიაში მიუსვლელად, სერვისის მიღების შესაძლებლობას მისცემდა.

როგორც საბოლოოდ გაირკვა, მერიამ ვერც ეს ვალდებულება შეასრულა.

რატომ ვერ შესრულდა ვალდებულებები და როდისთვის გეგმავს მერია მათ შესრულებას?

“ღია საზოგადოების ფონდის” წარმომადგენელი და ღია მმართველობის პროექტების ხელმძღვანელი, ანანო ცინცაბაძე, რომელიც პროცესში 2016 წლიდან არის ჩართული, ამბობს, რომ მერიის წინა ადმინისტრაციასთან თითოეული ამ ვალდებულების შესასრულებლად აქტიურად მუშაობდნენ, შეიქმნა შესაბამისი ინსტრუმენტებიც, თუმცა, საბოლოოდ მერიამ მათი ამოქმედება, რატომღაც, გადადო, ამ პროცესში ჩართულ სამოქალაქო სექტორთან კი კომუნიკაცია გაწყვიტა.

“როგორც კი მერიის წინა ადმინისტრაციამ სამოქმედო გეგმა შეიმუშავა, მაშინვე დაიწყო ამ ვალდებულებების შესრულებაზე მუშაობა. იმართებოდა შეხვედრები, განხილვები იმისათვის, რომ ეს ვალდებულებები შესრულებულიყო. ბოლოს უკვე, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, ბოლო შეხვედრაზე, წარმოგვიდგინეს ხუთივე ვალდებულების თითქმის დამთავრებული ონლაინპლატფორმა და გვითხრეს, რომ ეს პლატფორმები სატესტო რეჟიმში უკვე გაშვებული იყო და თითქმის მუშაობდა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების შემდეგ, როდესაც მერიაში ახალი ადმინისტრაცია მოვიდა, აბსოლუტურად გაწყდა მერიასთან ყველანაირი კომუნიკაცია. არანაირი ურთიერთობა, გამოხმაურება, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად წერილითაც მივმართეთ, არ ყოფილა. ჩვენს შემდეგ მერიას OGP-ის სამდივნომაც რამდენჯერმე მიმართა წერილით, მაგრამ მათაც არავინ გამოხმაურებია. ბოლოს, როდესაც სამდივნოს წარმომადგენლები საქართველოში ჩამოვიდნენ, მხოლოდ მაშინ მოხერხდა მერიასთან კომუნიკაციის დამყარება და შეხვედრა. ამ შეხვედრიდან 2-3 თვის შემდეგ კი, რამდენიმე დღის წინ, როგორც იქნა, მოვახერხეთ და ჩვენც შევხვდით მერიის ადმინისტრაციას. შეხვედრაზე გვითხრეს, რომ ახლა უკვე აპირებენ OGP-ზე მუშაობას, რომ ძალიან სერიოზულად ეკიდებიან საკითხს და გლობალური სამიტის მზადების პროცესშიც ჩართულები არიან. როდესაც წინა ვალდებულებებზე ვკითხეთ, გვითხრეს, რომ მხოლოდ ერთი ვალდებულება შესრულდა – შეიქმნა პეტიციების პორტალი. პორტალს – “შენი იდეა ქალაქის მერს” მოიაზრებენ, რომ არის პეტიციების პორტალი და შესაბამისად, ვალდებულებაც – შესრულებული”, – ამბობს ანანო ცინცაბაძე.

რაც შეეხება მონაწილეობითი ბიუჯეტის ვალდებულებას, საზოგადოების გამოკითხვის ინსტრუმენტის შექმნაში თბილისის მერიას სწორედ “ღია საზოგადოების ფონდი” დაეხმარა. “ჩვენ ეს ინსტრუმენტი გადავეცით. ითქვა, რომ 2017 წლის ნოემბერში, როდესაც ნარმანიამ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველი ვერსია საკრებულოს წარუდგინა, სწორედ ამ ინსტრუმენტის გამოყენებით იყო შექმნილი და ამ გამოკითხვის შედეგებს ასახავდა, მაგრამ შემდეგ, როგორც აღმოჩნდა, ახალმა ადმინისტრაციამ არც ეს აღარ გაიზიარა და ბიუჯეტი უკვე ამ ინსტრუმენტის გამოყენებით არ დამუშავებულა”, – აცხადებს ცინცაბაძე.

“ღია საზოგადოების ფონდის” წარმომადგენელი ვერ იგებს, რატომ ვერ მოხერხდა, ფაქტობრივად, უკვე მზა ონლაინპლატფორმების ამუშავება და ვალდებულებების შესრულება. მისი თქმით, შეხვედრაზე მერიას ამის მიზეზები არ განუმარტავს. “ერთადერთი, რასაც ამბობენ, ისაა, რომ თბილისის მთავრობა და ადმინისტრაცია შეიცვალა და სანამ სამსახურები სტრუქტურულად დალაგდა, ბევრი დრო გავიდა. ასევე, გვითხრეს, რომ დიდი ალბათობით, წინა სამოქმედო გეგმიდან რაღაც ვალდებულებები ახალ სამოქმედო გეგმაშიც გადავა. ანუ ის ვალდებულებები, რაც არ შესრულდა, შეიძლება, ახალ სამოქმედო გეგმაში ვიხილოთ”, – ამბობს ანანო ცინცაბაძე.

მერიის ყოფილი თანამშრომელი და ამჟამად გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენელი მერიაში, ლადო ხასია, რომელიც მთელ ამ პროცესში წინა ადმინისტრაციის დროსაც და ახლაც აქტიურად არის ჩართული, გვიდასტურებს, რომ ერთადერთი შესრულებული ვალდებულება პორტალის – “შენი იდეა ქალაქის მერს” ამოქმედებაა. დანარჩენი ვალდებულებების შესრულება გადაიდო და ამ ვალდებულებების მომდევნო სამოქმედო გეგმაში შეტანა იგეგმება. ხასიამ არ იცის, რატომ შეჩერდა თითქმის ბოლოში მიყვანილი პროექტები და რატომ ვერ შესრულდა ვალდებულებები. “მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ეს იყო ბიუჯეტთან დაკავშირებული პრობლემა. არგუმენტი იყო ასეთი: პორტალზე შეიძლება დაფიქსირდეს მთელი რიგი პრობლემები, რომელზეც მერია მზად უნდა იყოს, რომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს, თუმცა, ის ბიუჯეტი, რაც მუნიციპალიტეტს გააჩნია, ყველა ამ პრობლემის მოგვარებას არ ეყოფა და მოქალაქეების ყველა მოთხოვნაც ვერ დაკმაყოფილდება”, – ამბობს ხასია.

მისი თქმით, ის ვალდებულებები, რომელიც მერიამ 2017 წლისთვის აიღო, სავარაუდოდ, მომავალ სამოქმედო გეგმაში აისახება. ანუ მერია ამ ვალდებულებების შესრულებაზე მზაობას უკვე მომდევნო წლებისთვის აიღებს. “ამჟამად მუშავდება იდეები როგორც მერიის, ისე სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან. ისინი ითხოვენ, რომ წინა ვალდებულებები გარკვეულწილად გადმოვიდეს ახალ სამოქმედო გეგმაში, რაზეც მერია, როგორც ვიცი, თანახმაა და მზადაა, შემდგომი 2 წელი ამ ვალდებულებების შესრულებაზე იმუშაოს. კონკრეტულად, რომელ ვალდებულებებს აიღებს მერია, ჯერ არ ვიცით, რადგან ამაზე ახლა მიდის მუშაობა. გადაიხედება ძველი გეგმა და, სავარაუდოდ, ახალ გეგმაში ძველი ვალდებულებების ინკორპორირებაც მოხდება”, – აცხადებს ხასია.

მერიამ ახალი სამოქმედო გეგმისთვის წინადადებების წარსადგენად არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ვადა 24 ივლისამდე მისცა, 26 სექტემბრამდე კი დედაქალაქის თვითმმართველობამ “ღია მმართველობის პროგრამის”ახალი სამოქმედო გეგმა უნდა მიიღოს.

ამ დღეებში საქართველო “ღია მმართველობის პარტნიორობის” (OGP) გლობალურ სამიტს უმასპინძლებს. როგორც აღმოჩნდა, ვალდებულებების აღებისა და შესრულების კუთხით პრობლემები არა მხოლოდ თბილისის თვითმმართველობას, ქვეყნის ხელისუფლებასაც აქვს. სწორედ ამ მოცემულობით ხვდება საქართველო ქვეყნისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სამიტს.

გუშინ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ახალ პრემიერს, მამუკა ბახტაძეს ღია წერილით მიმართეს და სთხოვეს, პროცესს კოორდინაცია, იუსტიციის სამინისტროს ნაცვლად, მომავალში პრემიერის ადმინისტრაციამ გაუწიოს. წერილში, ასევე, ნათქვამია, რომ ახალი სამოქმედო გეგმის ფორმირებისას ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა სამოქალაქო საზოგადოების წინადადებები და მოუწოდებენ პრემიერს, გადახედოს სამოქმედო გეგმის პროექტს და ქვეყანამ სამიტზე წარმოადგინოს ისეთი დოკუმენტი, რომელშიც ამბიციური დაპირებები იქნება ასახული.

როგორც ცნობილია, „ღია მმართველობის პარტნიორობაში“ 75 ქვეყანა მონაწილეობს. საქართველო OGP -ის 2011 წლიდან შეუერთდა. 2017 წელს კი „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თავმჯდომარე ქვეყანა გახდა და ის ამ ფუნქციას ერთი წლის განმავლობაში შეასრულებს. სწორედ ამიტომ მასპინძლობს ახლა ქვეყანა OGP-ის სამიტს, რომელსაც, წესით, 75-მდე ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირები უნდა დაესწრონ.