სამცხე–ჯავახეთის მუზეუმის ფონდსაცავისთვის პროექტი მზადდება

1154

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, სამცხე–ჯავახეთის მუზეუმის ფონდსაცავისთვის პროექტზე მუშაობა უკვე დაიწყეს, თუმცა მშენებლობისთვის ჯერ თანხა მოძიებული არ აქვთ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ამის შესახებ ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლებმა სამცხე–ჯავახეთის მუზეუმში ახალი საგამოფენო სიცრცის გახსნაზე ისაუბრეს. მათი თქმით, ის ექსპონატები, რომლებიც წლებია სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის მეორე კორპუსში ინახება, ახალ საცავში განთავსდება.

„ამ წუთში უნვიერსიტეტში რაც კი მუზეუმის ექსპონატებია, პერიოდულად ციხის ტერიტორიაზე გადმოაქვთ. ახალი საცავის აშენების შემდეგ კი ყველა იქ განთავსდება. ეს საცავი იქნება სერიოზული ფუნდამენტური კვლევითი ცენტრი, ასევე, ძალიან მომხიბლავი იქნება სანახავადაც, ის მიიღებს ახალ აღმოჩენებსაც. ახალციხე ყოველთვის იყო კულტურულ–საგანმანათლებო ცენტრი და ამიტომ ძლიან მნიშვნელოვანი იქნება აქ სამეცნიერო ფუნქციების დამატება“, – ამბობს საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე.

ახალციხის ციხის მიმდებარედ, სამცხე–ჯავახეთის ისტორიის მუზეუმის საფონდო შენობის მშენებლობისთვის ახალციხის მერიამ ადგილი უკვე გამოყო: “როგორ ვიცი პროექტი ვიზუალურად უკვე შეთანხმდა და მალე დასრულდება საპროექტო სამუშაოები”, – ამბობს ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე.

ახალციხეში, სამცხე–ჯავახეთის ისტორიული მუზეუმისთვის ფონდსაცავის აშენების საკითხი დღის წესრიგში ექვსი წლის წინ, მაშინ დადგა, როცა „ახალციხის ციხის“ რეაბილიტაცია დასრულდა. მაშინ აღდგენილ ციხეზე განთავსებულ მუზეუმში ყველა ექსპონატის მოთავსება ვერ მოხერხდა, ამიტომ მისი დიდი ნაწილი სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის სარდაფში დაალაგეს და დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ ისტორიულ ფონდს საცავი სჭირდებოდა.

მას შემდეგ საცავის აშენება ვერა, თუმცა უნივერსიტეტის სარდაფიდან ციხის ტერიტორიაზე ფონდის ორ ნაწილად გადატანა შეძლეს. ციხის რეაბილიტაციიდან, სამი წლის შემდეგ, მუზეუმის სამეცნიერო ფონდი „პუმას“ ყოფილი მაღაზიის შენობაში გადაიტანეს. აქ ამ დროისთვის ნაბეჭდი ფორმით სულ 16 492 ეგზემპლარია განთავსებული, აქედან 11 600 ქართულია, 4 832 კი უცხოური ; რაც შეეხება საერთო წიგნად ფონდს, მისი ოდენობა 11 516 ერთეულია.