გორში ჩოდრიშვილისა და მამარდაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

792

გორში ჩოდრიშვილისა და მამარდაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, მამარდაშვილის ქუჩის 163 მეტრის სიგრძის გზა მოასფალტდება. მოწესრიგდება საკანალიზაციო სისტემა, გაკეთდება ბეტონის ბორდიურები და ტროტუარები. გარდა ამისა, აღნიშნულ ქუჩაზე რეაბილიტირდება ბეტონის სანიაღვრე არხი რუსთაველის ქუჩიდან ბარნოვის ქუჩის კვეთამდე და მოწესრიგდება ეზოებში შესასვლელები.

ასევე, პროექტი ჩოდრიშვილის 139 მეტრიანი ქუჩის ასფალტირებასაც ითვალისწინებს. ქუჩაზე მოეწყობა სანიაღვრე არხი, ბორდიურები გაზონების გარშემო და ლითონის ცხაურები ეზოების შესასვლელებში.

“რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ჩოდრიშვილიდან სტალინის ქუჩაზე თამარ მეფეზე გავლის გარეშე მოხვდებით. ქუჩა, სამხრეთით მდებარე გასასვლელის საშუალებით, პირდაპირ დაუკავშირდება ქალაქის ცენტრალურ გამზირს”,- აცხადებენ მერიაში.

სამუშაოებს, რომლის ღირებულებაც 188 459 ლარს შეადგენს, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „არქმშენსტუდია 2002“ აწარმოებს.

პროექტი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება. მიმდინარე სამუშაოები ხელშეკრულების მიხედვით 30 ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს.