მწვანე ალტერნატივას საჩივარი დარიალი ჰესის პროექტთან მიმართებაში დაკმაყოფილდა

964

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დამოუკიდებელმა გასაჩივრების მექანიზმმა დააკმაყოფილა მწვანე ალტერნატივას საჩივარი დარიალი ჰესის პროექტთან მიმართებაში.

არასამტავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივის” ინფორმაციით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD)  დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა  ბანკის დამოუკიდებელი გასაჩივრების მექანიზმის (PCM) მიერ მომზადებული ანგარიში, რომლის თანახმადაც, EBRD-მ დაარღვია საკუთარი გარემოსდაცვითი და სოციალური პოლიტიკით განსაზღვრული მოთხოვნები, როცა მიიღო გადაწყვეტილება დარიალი ჰესის დაფინანსების თაობაზე. ამ ნაბიჯით, ბანკმა გაიზიარა  მწვანე ალტერნატივასა  და  არასამთავრობო ორგანიზაცია „სტეფანწმინდას“ მიერ საჩივარში აღწერილი დარღვევები.

PCM-ის მომზადებული დასკვნის თანახმად,  EBRD-მ  სათანადოდ არ შეაფასა  პროექტთან დაკავშირებული გეოდინამიკური რისკები დარიალ ჰესის  ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების (ბსგზშ) ანგარიშში.  დასკვნაში აღნიშნულია, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში შეფასებული იყო მხოლოდ პროექტის განხორციელებით გამოწვეული რისკები, და არა ისეთი საფრთხეები, როგორიცაა მეწყერები და ღვარცოფები, რომელთაც  შესაძლებელია  საფრთხე შეუქმნას დარიალი ჰესის ინფრასტრუქტურას,  მომუშავე და საპროექტო არეალში მყოფ ადამიანებს.  შესაბამისად, პროექტის დაფინანსების თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღებით ბანკმა დაარღვია საკუთარი  გარემოსდაცვითი და სოციალური პოლიტიკა (შესაბამისობის სტანდარტი: 1.9).

დასკვნა ადასტურებს, რომ  არ იყოს შესწავლილი ასევე მდინარე თერგში  წყლის ხარჯის უახლესი მონაცემები.  შესაბამისად, ბანკის გადაწყვეტილება  ეფუძნებოდა  მოძველებულ მონაცემებს (1990 წელი და ძველი). გამომდინარე ზემოთქმულიდან,  EBRD-მ ამ შემთხვევაშიც დაარღვია საკუთარი გარემოსდაცვითი და სოციალური პოლიტიკა (შესაბამისობის სტანდარტი: 1.5)

დამოუკიდებელმა გასაჩივრების მექანიზმმა მოუწოდა EBRD-ს, რომ დარიალის ჰიდროელექტროსადგურის პროექტთან მიმართებაში:

– უზრუნველყოს, როგორც პროექტის მიერ წარმოქმნილი, ასევე პროექტისგან დამოუკიდებლად არსებული რისკების/საფრთხეების გამოვლენა და მათი ინტეგრირება  ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების (ბსგზშ) ანგარიშში;

– უზრუნველყოს ბსგზშ ანგარიშში გარემოსდაცვითი მონაცემების განახლება, მათ შორის, მდინარეზე დაგეგმილი სხვა პროექტებისა ან/და კლიმატის ცვლილების ზემოქმედება მდინარეში წყლის  ხარჯის ოდენობაზე;

– აქტიურად  იმუშაოს დარიალ ჰესის ინვესტორთან, რათა ამ უკანასკნელმა  გაასაჯაროოს მდინარეში არსებული წყლის ოდენობის განახლებული მონაცემები;  სასურველია პროექტის ექსპლუატაციის დაწყებამდე; და დაასაბუთოს რომ მდინარეში არსებული წყლის ოდენობა უზრუნველყოფს ბიომრავალფეროვნების და კონკრეტულად, ნაკადულის კალმახის შენარჩუნებას.

მწვანე ალტერნატივამ და ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაცია „სტეფანწმინდამ“ 2014 წლის 22 ნოემბერს შეიტანეს საჩივარი EBRD-ს  დამოუკიდებელ გასაჩივრების მექანიზმში დარიალის ჰესისთვის კრედიტის გამოყოფის თაობაზე. საჩივარში მოსარჩლეები ითხოვდნენ  დამოუკიდებელი გასაჩივრების მექანიზმისგან  დარიალი ჰესის პროექტის თავსებადობის შეფასებას  EBRD-ის შესაბამის გარემოსდაცვით და სოციალურ პოლიტიკებთან.

წყარო: მწვანე ალტერნატივა