კალაძეს წერეთელზე ე.წ. “ხრუშჩოვკების“ დემონტაჟს სთხოვენ

1130

თბილისის მერს კახა კალაძეს პროგრამა “შენი იდეა ქალაქის მერს” ფარგლებში, წერეთელზე  ე.წ. “ხრუშჩოვკების“ დემონტაჟს და იმავე ადგილას არა ბეტონის ციხესიმაგრეების, არამედ ტიპური ლამაზი და დახვეწილი დიზაინის შენობების აშენებას სთავაზობენ, რომელიც იდეის ავტორის თქმით, მოუხდება დიდუბის იერსახეს და არ დაამახინჯებს უბანს.

თბილისის მერიის ვებგვერდზე ქალაქის განვითარების შესახებ მოქალაქეთა იდეების მიღება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, ვებგვერდზე  165 მიმდინარე, 173 დაბლოკილი, 1 უარყოფილი, 9 განსახილველი,  466 არშემდგარი და 2 შეთანხმებული იდეა ფიქსირდება.

ერთ-ერთი იდეის ავტორი “ახალი სიცოცხლე ძველ სახლებს” პროექტის განხილვას ითხოვს.

იდეის განხილვა თბილისის მერიაში იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ის 2500 ხმას შეაგროვებს. ამ დროისთვის, აღნიშნულ იდეას 2510 ხმა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისის მერია ვალდებულია აკაკი კაკიტაძის იდეა განიხილოს.

“თბილისის განვითარებისთვის და ტურისტული პოტენციალის გაზრდისთვის აუცილებელია ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რაც ქალაქს უფრო ლამაზს და მიმზიდველს გახდის. ძველ თბილისში მოხდა ძველი და ამორტიზირებული სახლებისა და შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია, რამაც შედეგი გამოიღო და ძველ თბილისს დიდებული იერსახე დაუბრუნა. ასეთივე პრობლემები არის თბილისის სხვა ძველ უბნებშიც, რომელიც დროულ მიხედვას საჭიროებს. ქალაქის სრულყოფილი განვითარებისათვის აუცილებელია, არა მხოლოდ რამდენიმე უბნის რეაბილიტაცია, არამედ თბილისის სხვა უბნების იერსახის შეცვლაც. დაზიანებული შენობები და საცხოვრებელი სახლები დიდი საფრთხის ქვეშ აყენებს მოსახლეობას, რაც ხშირია დღეის მდგომარეობით.

აღსანიშნავია, რომ ქალაქში ტურიზმის განვითარებისათვის აუცილებელიც კია თბილისის ყველა უბანი იყოს თანაბრად მოწესრიგებული და უსაფრთხო.

დიდუბის რაიონში, კერძოდ, წერეთლის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე არის ამორტიზირებული სახლები ე.წ. “ხრუშჩოვკები“, რომლებიც საუკუნეზე მეტს ითვლის და საფრთხეს წარმოადგენს იქ მცხოვრებთათვის. დამკვიდრებულია პრაქტიკა, როდესაც ხდება ძველი და დანგრევის პირას მყოფი სახლების გამაგრება, რაც დროებითია და ვერ ჭრის იმ პრობლემას რაც რეალურადაა. თანხები, რომელიც გამაგრებითი სამუშაოებისთვის იხარჯება გამოდის, რომ წყალში გადაყრილია, რადგან გარანტიას ვერ იძლევა, რომ სახლების ექსპლუატაციის დრო იქნება საკმარისად დიდი. ისიც ართულებს სიტუაციას, რომ ასეთი სამუშაოს მწარმოებლები უნდა იყვნენ დაკომპლექტებული ექსპერტებით, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ აღნიშნულ საქმეში, მაგრამ რთულად მოსაძებნია ასეთი მენარდე.

ჩვენი იდეა შემდეგში მდგომარეობს, კერძოდ კი, შენობის გამაგრების ნაცვლად მოხდეს მათი დანგრევა და იმავე ადგილას აშენდეს არა ბეტონის ციხესიმაგრეები, არამედ ტიპური ლამაზი, დახვეწილი დიზაინის შენობები, რომელიც მოუხდება დიდუბის იერსახეს და არ დაამახინჯებს უბანს, სადაც ფართი მიეცემათ ადგილობრივ მცხოვრებლებს და დანარჩენი ნაწილის რეალიზაციას მოახდენს მერია აუქციონის მეშვეობით ან მისთვის მოსახერხებელი საშუალებებით, მაგალითად ინვესტორების მოძიებითა და დაინტერესებით, რაც საშუალებას მისცემს ქალაქის მთავრობას თანხები დაზოგოს ამორტიზირებული შენობების გამაგრებაზე. ასევე, კეთილმოეწყობა ახლად აშენებული სახლები და მიმდებარე ტერიტორიები.

მსგავის პროექტის განხორციელება კარგად აისახება ადგილობრივ მცხოვრებებზე, რადგან მათ საშუალება ექნებათ იცხოვრონ ისევ იმ ადგილზე განსხვავებულ და განახლებულ გარემოში და ასევე, ამ იდეის განხორციელება გაზრდის ტურისტულ ზონასა და საზღვრებს.

აქვე შესაძლებელია და აუცილებელი პირობაა, რომ ე.წ. ახალ დასახლებებში მოეწყოს რეკრეაციული ზონები და სპორტული მოედნები, რაც მიმართული იქნება ჯანმრთელი გარემოსა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისკენ. ქალაქის მთავრობამ უნდა შექმნას ხელსაყრელი პირობები, რომ მსგავსი ტიპის დასახლებები საინტერესო გახადოს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ მყოფი ინვესტორებისთვის. შევქმნათ პრეცედენტი, რომელიც გამოიწვევს ჯაჭვურ რეაქციას.

აღნიშნული იდეის განხორციელება გამოიწვევს: 1.მოსახლეობის კეთილგანწყობას, რადგან გამაგრებული შენობის ნაცვლად, იმავე ადგილზე მიიღებენ კეთილმოწყობილ განსაკუთრებული დიზაინის საცხოვრებელ ფართს; 2. შესრულდება დაპირება, რომელიც იქნა შეპირებული წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, რაც გულისხმობს – შეძლებისდაგავარად ე.წ. “ხრუშჩოვკებს“ კეთილმოწყობილი განსაკუთრებული დიზაინის შენობა-ნაგებობებით ჩანაცვლებას; 3. მოცემული მიდგომა საშუალებას გვაძლევს თბილისში მდებარე თბილისური ტიპის ეზოებში არსებული ამორტიზირებული შენობა-ნაგებობა მთლიანად ჩანაცვლდეს განსაკუთრებული დიზაინის შენობებით; 4.თბილისის ბიუჯეტის ხარჯვის ნაცვლად მივიღებთ ფინანსურ შემოსავალს; 5.მოცემული სახის მშენებლობები, მოსახლეობისთვის იქნება იმედის მომცემი და მათ ახალ საშუალებებს გაუჩენს; 6. შეიქმნება მოსახლეობისთვის უსაფრთხო გარემო, რაც დღეის მდგომარეობით მსგავსი ტიპის სახლებში მცხოვრებ ადამიანებს არ გააჩნიათ. 7. ქალაქის განვითარებისთვის აუცილებელია მსგავსი დაზიანებული სახლების განსაკუთრებული დიზაინისა და უსაფრთხო სახლებით ჩანაცვლება. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობას რაც შეეხება, იდეა საჭიროებს მერიის თანადგომასა ფინანსებისა და ინვესტორების მოძიებაში. ასევე, პროექტის შექმნაში, განაშენების რეგულირების გეგმას (გრგ), დიზაინის შერჩევაში და დამატებითი ფართების რეალიზაციაში”, –  აღნიშნავს პროექტის ავტორი, აკაკი კაკიტაძე.

შეგახსენებთ, 12 თებერვალს, თბილისის მერმა კახა კალაძემ ელექტრონული პორტალის – “შენი იდეა ქალაქის მერს“ პრეზენტაცია გამართა. პორტალი ახალი იდეების საჯარო თავმოყრას ისახავს მიზნად, რომელიც შესაბამისი ხმების მიღების შემდეგ, განსახილველად მერიას გადაეცემა. თბილისის მერის განცხადებით, ვებგვერდის ამოქმედების მიზანი ქალაქის განვითარებაში მეტი მოქალაქის ჩართულობა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაა.