როდის ეშველება ადგილობრივ თვითმმართველობებს?

წინა სტატია

11 ივნისს, მთავრობის ხელახლა დამტკიცებამდე რამდენიმე დღით ადრე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, მაია ცქიტიშვილმა თვითმმართველობის საკითხებზე მომუშავე ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეკრიბა და იმაზე ესაუბრა, თუ რას აპირებს მთავრობა დეცენტრალიზაციის მიმართულებით.

ერთ წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე მუშაობის დაწყება დააანონსა. მაშინ ითქვა, რომ სტრატეგიის პირველადი ვარიანტი 2018 წლის მარტისთვის გამოქვეყნდებოდა. შემუშავდა გარკვეული დოკუმენტიც, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტრომ საკონსულტაციო კომპანია PMCG-ს დაუკვეთა. მოგვიანებით სამინისტრომ ეს დოკუმენტი დაიწუნა, კვირიკაშვილის მთავრობამ კი საზოგადოებას მხოლოდ თვითმმართველობის განვითარების ხედვა წარუდგინა და დაჰპირდა, რომ ზაფხულისთვის სტრატეგიის სამუშაო ვარიანტს გამოაქვეყნებდა.

ზაფხულისთვის დეცენტრალიზაციის სტრატეგია კვლავ ვერ გამოქვეყნდა. სამაგიეროდ, ქვეყანაში არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის მინისტრი, არამედ მთელი მთავრობა შეიცვალა – პრემიერი კვირიკაშვილი გიორგი ბახტაძემ შეცვალა, ინფრასტრუქტურის მინისტრი ალავიძე კი – მაია ცქიტიშვილმა.

როგორც აღმოჩნდა, ამ ეტაპზეც ხელისუფლებას კვლავ დეცენტრალიზაციის მხოლოდ ხედვა აქვს, თავად დაპირებული სტრატეგია კი – არა, თუმცა, ამჯერად, წინა მინისტრისგან განსხვავებით, ახალი მინისტრი მზადაა, სტრატეგიის შემუშავებაში საკითხით დაინტერესებული ადამიანები – ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩართოს.

რას გეგმავს მთავრობა?

დეცენტრალიზაციის სტრატეგია, რომელიც, დაპირებისამებრ, წლის ბოლომდე უნდა შემუშავდეს, კვლავაც 2018-2025 წლებზე იქნება გათვლილი და მისი უმთავრესი მიზანი თვითმმართველობებისთვის მეტი უფლებამოსილებების, ფინანსებისა და ქონების გადაცემაა.

როგორც ექსპერტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრისას მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, 2025 წლისთვის თვითმმართველობა, ადგილობრივი საჭიროებების მოგვარებისა და ადგილობრივი განვითარების საკითხებში, მოქალაქეთა მაღალი ნდობით უნდა სარგებლობდეს.

გარდა ამისა, ამავე პერიოდისთვის თვითმმართველობები ეფექტურად უნდა პასუხებდნენ მოსახლეობის საჭიროებათა ფართო სპექტრს. ამისათვის კი ცენტრალუური ხელისუფლება გეგმავს, ადგილობრივ თვითმმართველობას ის უფლებამოსილებები გადასცეს, რომელთა განხორციელებაც ადგილზე უფრო ეფექტიანია. ასევე, თვითმმართვლობები უნდა იყვნენ უზრუნველყოფილი აუცილებელი ქონებითა და ფინანსური სახსრებით. 2025 წლისთვის თვითმმართველობები, 4,6%-ის ნაცვლად, მშპ-ის 7-8%-ს უნდა ხარჯავდნენ.

ცქიტიშვილის თქმით, თვითმმართველობების საქმიანობა უნდა გახდეს მეტად გამჭვირვალე და ეფექტიანი, რისთვისაც მართვის თანამედროვე სისტემები უნდა გამოიყენონ. ამასთან, უნდა გაიზარდოს მოქალაქეთა ჩართულობა გადაწყვეტილების მიღებისა და აღსრულების პროცესში.

შეხვედრაზე ითქვა, რომ მთავრობას, დასახული ხედვის მისაღწევად, სამი მთავარი მიზანი აქვს გამოკვეთილი:

  1. თვითმმართველობის როლის გაზრდა საჯარო საქმეების მნიშვნელოვანი ნაწილის მოგვარებაში;
  2. თვითმმართველობის უზრუნველყოფა შესაბამისი მატერიალური და ფინანსური რესურსებით;
  3. სანდო, ანგარიშვალდებული, გამჭვირვალე და შედეგზე ორიენტირებული თვითმმართველობის ჩამოყალიბება.

როგორ აპირებს ხელისუფლება ამ მიზნების მიღწევას?

როგორც შეხვედრაზე გაირკვა, იმისათვის, რომ საჯარო საქმეების მოგვარებაში თვითმმართველობა უფრო ეფექტური იყოს, მთავრობა გეგმავს, 2025 წლამდე, საკანონმდებლო ცვლილებებით, ტრენინგებითა და სასწავლო სახელმძღვანელოების შექმნით, მუნიციპალიტეტებს ჯერ იმ უფლებამოსილებების განხორციელებაში დაეხმაროს, რასაც ისინი ახლა ფლობენ, შემდეგ კი, სუბსიდიარობის პრინციპზე დაყრდნობით, გაზარდონ თვითმმართველობების უფლებამოსილებები ადმინისტრაციულ, ქონების მართვის, კომუნალურ, სოციალურ, ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების, გარემოს დაცვის, განათლებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროებში.

თავდაპირველად, მთავრობა გეგმავს, რომ თვითმმართველობებს ის უფლებამოსილებები, რაც დღეს არ აქვთ, ჯერ დელეგირებული უფლებამოსილიებით გადასცეს, მეორე ეტაპზე კი თვითმმართველობის საკუთარი უფლებამოსილება გახდეს.

გარდა ამისა, იმისათვის, რომ  თვითმმართველობის როლი ეკონომიკური და სოციალური განვითარების, გარემოს დაცვისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სფეროებში გაიზარდოს, მთავრობა საკანონმდებლო ბაზის სრულყოფასა და კერძო-საჯარო პარტნიორობის მდგრადი მექანიზმების დანერგვას აპირებს.

როგორც უკვე გითხარით, მთავრობის მეორე მიზანს თვითმმართველობების შესაბამისი მატერიალური და ფინანსური რესურსებით უზრუნველყოფა წარმოადგენს. ამისათვის კი, ხელისუფლება გეგმავს, ხელი შეუწყოს თვითმმართველობის საკუთარი შემოსულობების თანმიმდევრულ ზრდას. ცქიტიშვილის თქმით, შეიქმნება საკანონმდებლო მექანიზმები იმისათვის, რომ სახელმწიფოს მიერ ქონების პრივატიზების შედეგად მიღებული ფინანსური შემოსავლების გარკვეული პროცენტი მუნიციპალურ ბიუჯეტში შევიდეს. ამასთან, გადაიხედება ადგილობრივი მოსაკრებლები, თვითმმართველობებს გადაეცემათ სარგებლობის ლიცენზიის მოსაკრებლების ნაწილი, ხოლო საშემოსავლო გადასახადის ნაწილი ადგილობრივ ბიუჯეტში დარჩება.

გარდა ამისა, მთავრობა გეგმავს, გადახედოს გათანაბრებითი ტრანსფერის ფორმულასაც. აგრეთვე, დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად, იგეგმება თვითმმართველობის დაფინანსების მექანიზმების სრულყოფა.

რაც შეეხება მესამე მიზანს – სანდო, ანგარიშვალდებული, გამჭვირვალე და შედეგზე ორიენტირებული თვითმმართველობის ჩამოყალიბებას.

როგორც შეხვედრაზე გაირკვა, ამ მიზნის მისაღწევად მთავრობა გეგმავს: თვითმმართველობის ორგანოების მართვის სისტემებისა და ადმინისტრაციული სტრუქტურის სრულყოფას, ადგილობრივ დონეზე საჯარო ფინანსების მართვის სისტემის სრულყოფას, თვითმმართველობებში ადამიანური რესურსების განვითარებას, მუნიციპალური მომსახურების მიწოდების ერთიანი (მინიმალური) სტანდარტების დადგენასა და მუნიციპალური სერვისების ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობას; ინტერმუნიციპალური თანამშრომლობის განვითარებას; რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე დაგეგმვის თანმიმდევრული და შედეგზე ორიენტირებული სისტემის დანერგვას; საქმიანობის მონიტორინგისა და შეფასების ეფექტიანი სისტემის დანერგვასა და ინფორმირებული გადაწყვეტიელებების მისაღებად, დასახლებების მიხედვით, სანდო სტატისტიკური, დემოგრაფიული, ეკონომიკური და სოციალური მონაცემების მოგროვებას.

გარდა ამისა, მთავრობას სურს ადგილობრივ თვითმმართველობებში გამჭვირავლობისა და ანგარიშვალდებულების მაღალი სტანდარტის დანერგვა, რისთვისაც ის გეგმავს “ღია მმართველობის პროგრამის” ხელშეწყობას საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, აგრეთვე, გამჭვირავლობისა და ანგარიშვალდებულების მაღალი სტანდარტის დასანერგად, საკანონმდებლო ჩარჩოს გადახედვას, ხოლო იმისათვის, რომ გადაწყვეტილებების მიღებისა და განხორციელების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა გაიზარდოს, მთავრობა კანონმდებლობას სრულყოფს და საკომუნიკაციო სტრატეგიას შეიმუშავებს.

როდის ეშველება ადგილობრივ თვითმმართველობებს?

როგორც უკვე გითხარით, ეს კეთილშობილური ზრახვები, ისევე, როგორც კვირიკაშვილის მთავრობის დროს, ახლაც, ჯერჯერობით, მხოლოდ ახალი მთავრობის მიერ დეკლარირებულ დეცენტრალიზაციის ხედვას წარმოადგენს. ამ ხედვის საფუძველზე, 2018 წლის ბოლომდე უნდა გაიწეროს მომდევნო ხუთი წლის სტრატეგია და ორწლიანი სამოქმედო გეგმა. ჯამში კი, სტრატეგია 2025 წლამდე მიზნებსა და ამოცანებს უნდა ასახავდეს.

იმისათვის კი, რომ დეცენტრალიზაციის სტრატეგია წლის ბოლომდე დაიწეროს, მაია ცქიტიშვილის თქმით, შეიქმნება თვითმმართველობის რეფორმის სამთავრობო კომისია, რომლის ფარგლებშიც სამი სამუშაო ჯგუფი იმუშავებს: პირველი ჯგუფი – უფლებამოსილებათა გაზრდის მიმართულებით, მეორე – ფინანსური დეცენტრალიზაციის მიმართულებით, ხოლო მესამე ჯგუფი – ჩართულობისა და გამჭვირვალობის მიმართულებით.

ჯერჯერობით, არაა ცნობილი, კონკრეტულად რა ახალი უფლებამოსილებები გადაეცემათ ადგილობრივ თვითმმართველობებს, როგორ განხორციელდება ფისკალური თუ ქონებრივი დეცენტრალიზაცია, ან როგორ შეიცვლება გათანაბრებითი ტრანსფერი. ცხადია, არც ისაა ცნობილი, როდის დაიწყება რეალურად დეცენტრალიზაციის პროცესი, რაც ასე მნიშვნელოვანი და სასიცოცხლოდ აუცილებელია ადგილობრივი თვითმმართველობების გასაძლიერებლად.

მთელ ამ პროცესში, ჯერ მხოლოდ ერთადერთი სიახლეა – ცქიტიშვილმა, წინამორბედისგან განსხვავებით, გამოთქვა სურვილი, რომ ამ საკითხებზე გადაწყვეტილება დაინტერესებული საზოგადოების ჩართულობით, კონსენსუსის საფუძველზე მიიღონ.

მსგავსი სიახლეები