გორის სასპორტო სკოლაში მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურაზე საუბრობენ

648

გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს 2018 წლის ბიუჯეტი 1 მილიონ  714 000 ლარია. გაერთიანების ხელმძღვანელი, გიორგი პურიჭამიაშვილი განმარტავს, რომ აღნიშნული თანხა, ძირითადად, ადმინისტრაციულ ხარჯებს, სამწვრთნელო მომზადებებს, გასვლითი ღონისძიების ტრანსპორტირებასა და მოზარდების ქალაქგარეთ კვებაში იხარჯება. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

სააგენტოს დირექტორის ინფორმაციით, ყველა სპორტულ მიმართულებას სააგენტო აფინანსებს.

“ერთი შეხედვით, დიდი თანხაა, მაგრამ დამერწმუნეთ, გაერთიანებულ  მუნიციპალიტეტში, მოსახლეობის რაოდენობასთან შედარებით, ეს ციფრი არც თუ ისე დიდია. ინფრასტრუქტურა მოსაწესრიგებელია. გასარემონტებელია დარბაზები. წლებია, აქ არაფერი გაკეთებულა და რეაბილიტაცია უნდა ჩატარდეს. ბავშვები გასვლით ღონისძიებებზე ხშირად დადიან, რასაც სააგენტო აფინანსებს. დაწყებული ტრანსპორტირების და დასრულებული კვების ხარჯით. ჩვენ ძალას არ ვიშურებთ სპორტული და ჯანმრთელი თაობის აღსაზრდელად”, – განაცხადა გიორგი პურიჭამიაშვილმა.

სააგენტოში 2 000 –  ზე მეტი მოზარდია დარეგისტრირებული. გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოში, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ცენტრალური სასპორტო სკოლის გარდა, გურამ პაპიტაშვილისა და ნუგზარ სხირელის სახელობის თავისუფალი სტილით ჭიდაობისა და ძიუდოს სკოლები,  ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის კრივის სკოლა, ექსტრემალური სპორტის განვითარების ცენტრი და სხვა სპორტული დაწესებულებები (გარდა ფეხბურთის) ერთიანდება.