რუსთავის მერიაში, გარემოს ჯანმრთელობის დაცვის საკითხებზე, ტრენინგი გაიმართა

747

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ,,შეტყუპების” (Twinnig) პროექტის ფარგლებში,  რუსთავის მერიაში, გარემოს ჯანმრთელობის დაცვის თემაზე საბაზისო ტრენინგი გაიმართა.

ტრენინგის მონაწილეებს, გარემოს ჯანმრთელობის საკითხებზე, ფრიდრიხ ლოფერის ინსტიტუტის პოლონეთის ფილიალის ექსპერტები ესაუბრნენ.

მერიის ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ჰაერის ხარისხსა და შესაბამის საფრთხეებზე. წარმატებული ინტერვენციების ამსახველი მაგალითების საფუძველზე, წარმოდგენილი იყო  შეფასების მეთოდები, პრევენციის სტრატეგიები და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების საკითხები.

ტრენინგს რუსთავის მერის პირველი მოადგილე დავით კეკელიძე,  საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დავით იშხნელი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს რეგიონული და მუნიციპალური სამსახურების წარმომადგენლები დაესწრნენ.

გარემოს ჯანმრთელობის სფეროში, ,,შეტყუპების“ პროექტის მოთხოვნათა შესაბამისად, მსგავსი საბაზისო ტრენინგები საქართველოს კიდევ ხუთ დიდ ქალაქში, თელავში, გორში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში გაიმართება.

“პროექტის მიზანი გარემოს ჯანმრთელობის დაცვის სფეროში,  ევროპულ სტანდარტებთან მიახლოების გზით საქართველოს საკანონმდებლო ბაზის გაძლიერება, გარემოს ჯანმრთელობის მართვის გაუმჯობესება, გრძელვადიანი გარემოსდაცვითი პოლიტიკის შემუშავება და სექტორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაა”, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.