ჭუბერში დროებითი ხიდის კონსტრუქციის მონტაჟი დასრულდა

918

წინა სტატია

ჭუბერში დროებითი ხიდის კონსტრუქციის მონტაჟი დასრულდა. რკინის კონსტრუქცია სპეციალური ამწეებით მდინარის ორ მხარეს უკვე აკავშირებს ერთმანეთთან. 11 ივლისიდან კი ხიდის გამაგრებითი სამუშაოები დაიწყება, რათა ის საბოლოოდ მომზადდეს ექსპლუატაციაში შესასვლელად. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე კობა გაბუნია აცხადებს, რომ სამუშაოები დაგეგმილზე სწრაფი ტემპით წარიმართა და ხიდის ფუნქციონირება გაცილებით მოკლე დროში, სავარაუდოდ, 12 ივლისიდან დაიწყება. მისივე განმარტებით, ხიდების არარსებობის მიუხედავად, ამ ეტაპისთვის მდინარე ნენსკრას მეორე ნაპირზეც მუშაობს რამდენიმე ერთეული ტექნიკა, ხიდის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ კი კალაპოტის გამაგრებითი სამუშაოები ორივე სანაპიროზე გაგრძელდება.

დროებით ხიდს 60 ტონამდე წონის ტექნიკის გატარება შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს ჭუბერის ხეობაში ძლიერი წვიმების შედეგად სოფელი ჭუბერი გზის მთავარ მაგისტრალს მოწყდა. მდინარე ნენსკრამ დაანგრია ხიდები და რამდენიმე სახლი. მიმდებარე ტერიტორიიდან კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

8 ივლისს პრეზიდენტმა ჭუბერში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართვისთვის საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ ბრძანება გამოსცა.